აფხაზური ოპოზიციის ლიდერმა მოსკოვში მოღვაწე ახალგაზრდა აფხაზ პოლიტიკოსთან თანამშრომლობის შესახებ განაცხადა

11-02-2020 16:13:11 კონფლიქტები

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტობის ოპოზიციონერმა კანდიდატმა ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ უკვე თანამშრომლობს და სამომავლოდაც დიდი საერთო გეგმები აქვს ინალ არძინბასთან – რუსეთის საპატრიარქოს ახალგაზრდობის საქმეთა საბჭოს ამჟამინდელ ხელმძღვანელთან, რომელიც მანამდე რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელი გახლდათ.

„ახალგაზრდების ჯგუფთან და ჩვენს თანამემამულეებთან, მათ შორის რუსეთის სახელმწიფო მრჩეველ ინალ არძინბასთან ერთად შევიმუშავებთ ღონისძიებათა კომპლექსს, რომელიც ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე იქნება მიმართული. მუშაობა უკვე დაწყებული გვაქვს. ამ საქმეში გვეხმარებიან რუსი სახელმწიფო მოღვაწეები, ექსპერტები და მეწარმეები. არჩევნების შემდეგ იგეგმება აფხაზეთში მასშტაბური რეფორმების რეალიზებისთვის მუდმივმოქმედი ორგანოს შექმნა. ჩვენ უნდა გადავდგათ ნაბიჯი მომავლისკენ და უპირველესად ჩამოვაყალიბოთ პირობები ახალგაზრდა თაობის თვითრეალიზებისთვის, ეკონომიკურად განვითარებული სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობაში ახალგაზრდობის ჩართვისათვის“, – ნათქვამია აფხაზი ახალგაზრდობისადმი ბჟანიას მიმართვაში.

ცნობისთვის: 29 წლის ინალ არძინბა სოხუმშია დაბადებული, გახლავთ აფხაზეთის პირველ დე ფაქტო პრეზიდენტ ვლადისლავ არძინბას ნათესავი. 2014–2018 წლებში მუშაობდა „დსთ–ის ქვეყნებთან, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის სამმართველოში", სადაც უკრაინის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. მოგვიანებით იყო რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელი, ბოლო პერიოდში კი მოსკოვისა და სრულიად რუსეთის საპატრიარქოში გადაინაცვლა.

იანვარში ინალ არძინბამ ოკუპირებულ აფხაზეთში ახალი პარტიის შესაძლო შექმნა დააანონსა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები