Accentnews.ge
„დასავლეთისთვის გაგზავნილი მესიჯის ფონზე რუსეთის გარეშე ვითარება აღარ დალაგდება“

„დასავლეთისთვის გაგზავნილი მესიჯის ფონზე რუსეთის გარეშე ვითარება აღარ დალაგდება“

11/02/2020 12:44:54 საშინაო პოლიტიკა

საქართველოს ექს–პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, „ევროპული საქართველოს“ ერთ–ერთი ლიდერ გიგი უგულავას ამ ფორმით დაკავება ნათელი გზავნილია დასავლელი პარტნიორებისთვის და ამ გზავნილის ფონზე ვითარება რუსეთის გარეშე აღარ დალაგდება.

„გუშინდელმა დაკავებამ ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება შეცვალა. უგულავა, რა თქმა უნდა, პოლიტპატიმარია, მაგრამ მისი დაკავება არა მხოლოდ ჩვენთვისაა მიუღებელი ფაქტი: ეს ერთმნიშვნელოვნად არის სილა, რომელიც ჩვენს პარტნიორებს გააწნეს. მაშინ, როდესაც მათ ძალიან მკვეთრი აზრი გამოხატეს, რომ საქართველოში დემოკრატიული პრინციპები მნიშვნელოვნად ირღვევა და მაშინ, როდესაც თითქოს ამ ვითარების მოსაგვარებლად აშშ–ში ჩასული იყო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, აქ კი მოლაპარაკებები მიმდინარეობდა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით, უგულავას ამ ფორმით დაკავებით ძალიან ნათელი მესიჯი იქნა გაგზავნილი დასავლეთისკენ, რომ საერთოდ არ აინტერესებთ მისი აზრი. ვფიქრობ, პოლიტიკური ვითარება აქედან გამომდინარე უნდა დავინახოთ. ასეთი ნათელი გზავნილი, რომ „თქვენი აზრი ჩვენთვის საერთოდ არაა საინტერესო“, საქართველოს არც ერთი ხელისუფლების დროს არ გაუგზავნია დასავლელი პარტნიორებისთვის. და მეორე – ასეთი მესიჯის ფონზე ვითარება რუსეთის გარეშე აღარ დალაგდება: თუ შენ დასავლეთს ივიწყებ, თამაშის სხვა არეალი რუსეთია. საქართველო არაა შვეიცარია, დიდი ბრიტანეთი, იაპონია, აქ მნიშვნელოვან როლს თამაშობს გეოპოლიტიკა“,– განაცხადა მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, დღეს საქართველოში დასაცავია ხალხის არჩევანი და ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ საქართველოს რუსეთის გუბერნიის მიღმა უნდა იცხოვროს, უნდა გაერთიანდნენ.

ცნობისთვის: უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა ე.წ ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ სცნო და 3 წლით პატიმრობა შეუფარდა.

აღნიშნულით უზენაესმა სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ბრალმდებელი აცხადებდა, რომ გიგი უგულავამ თბილისის განვითარების ფონდიდან თანხები გაფლანგა.

აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ გიგი უგულავა დამნაშავედ სცნო არა თანხების გაფლანგვაში, არამედ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში და მას 1 წლისა და სამი თვის ვადით პატიმრობა შეუფარდა, თუმცა ეს სასჯელი სხვა საქმეზე დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა. სწორედ ეს გადაწყვეტილება შეცვალა უზენაესმა სასამართლომ.

ე.წ. ფონდის საქმეზე სასამართლომ გადაწყვეტილება ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაცხადა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S