30-10-2024 23:23:37 პოლიტიკა
ნორდიკული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში 26 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს ეხმანებიან და აღნიშნავენ, რომ ისინი უერთდებიან მოწოდებებს საქართველოს ხელისუფლების მიმართ, "დეტალურად და მიუკერძოებლად" გამოიძიოს საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებული ინფორმაცია.
"ჩვენ ვუერთდებით საერთაშორისო მოწოდებებს დეტალურად და მიუკერძოებლად გამოიძონ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე და არჩევნების დღეს, დარღვებებზე გავრცელებული ცნობები. არსებითად მნიშვნელოვანია საარჩევნო პროცესის სანდოობასთან დაკავშირებული ეჭვების გაფანტვა", - ნათქვამია განცხადებაში.
გარდა ამისა, ისინი აცხადებენ, რომ "მტკიცედ" უჭერენ მხარს საქართველოს მიზანს ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ.
"ბოლო წლებში მზარდი შეშფოთებით ვაკვირდებით საქართველოს პოლიტიკურ ტრაექტორიას. საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული პოლიტიკა და მიღებული კანონები მზარდად შორდებოდა ევროპულ და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზას. კანონის უზენაესობისა და დემოკრატიული არჩევნების დაცვას არსებითი მნიშვნელობა აქვს საქართველოს ევროკავშირის გზაზე ნებისმიერი პროგრესისთვის. ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ საქართველო დაუბრუნდება იმ გზას, რომელიც მიიყვანს მას ევროპულ და ევროატლანტიკურ ოჯახში. ჩვენ კვლავ ყურადღებით დავაკვირდებით საქართველოში განვითარებულ მოვლენებს და საქართველოს ხელისუფლებას მისი ქმედებების მიხედვით შევაფასებთ", – აღნიშნულია განცხადებაში.
ცნობისთვის: 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგებით, პირველ ადგილზე ხმების 50%-ზე მეტით მმართველი პარტია „ქართული ოცნებაა“. 5%-იანი ბარიერი გადალახა ოთხმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ.
ოფიციალური წინასწარი მონაცემები ასე გამოიყურება:
„ქართული ოცნება“ - 53,931%;
"კოალიცია ცვლილებისთვის" - 11,035%;
"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" - 10,167%;
"ძლიერი საქართველო" - 8,81%;
"გახარია საქართველოსთვის" - 7,768%.
ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგი გაყალბებულად გამოაცხადეს, არ აღიარეს და მოითხოვეს ახალი არჩევნები, რომელსაც საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია ჩაატარებს.