ლუკაშენკო: რუსეთს არაფერი აქვს საერთო იმასთან, რაც საქართველოში ხდება

31-10-2024 14:51:12 პოლიტიკა

ბელარუსის ავტორიტარმა ლიდერმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ევრაზიის უსაფრთხოების შესახებ მინსკის II საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე კომენტარი გააკეთა, იტყობინება ბელარუსის სახელმწიფო სააგენტო BELTA.

„მათ სურთ გამჭვირვალობა თავიანთ ქვეყანაში: როგორც პოლიტიკაში, ასევე ეკონომიკაში. შესაბამისი გადაწყვეტილება კანონიერმა ხელისუფლებამ საკანონმდებლო დონეზე მიიღო. უფრო მეტიც, ერთი ერთში გაიმეორეს ის, რაც ამერიკაშია და ეს კიდევ უფრო რბილადაც კი გააკეთეს. წინასწარ გაიარეს კონსულტაცია. მაგრამ ბიძია ჯომ ან კიდევ ვინმემ ევროკავშირში გაიღვიძეს და ისე ვერ იფიქრეს, ისე ვერ შეხედეს. ისინი ანადგურებენ ქვეყანას“, - ამტკიცებს ლუკაშენკო.

ამასთან, თქვა, რომ რუსეთს საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებენ, თუმცა, მისივე მტკიცებით, „რუსეთს არაფერი აქვს საერთო იმასთან, რაც ამ ქვეყანაში ხდება“:

„ქართველებს თავს ახვევენ რაღაც „ლგბტ“-ობას. ქართველებს, რომლებიც საბჭოთა კავშირში ყველაზე მაგარი ბიჭები იყვნენ. დიახ, არ მიიღებენ ამას ქართველები. ისინი მთელი ცხოვრება ქალებს უყურებდნენ, აკვნიდან“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები