31-10-2024 17:02:54 პოლიტიკა
ამერიკელი კონგრესმენები მაიკ ტერნერი და ჯერი კონოლი საქართველოში 26 ოქტომბერს გამართულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც აღნიშნულია, რომ ეს არჩევნები მნიშვნელოვნად აშორებს საქართველოს NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანებისგან.
"ჩვენ ღრმად შეშფოთებულნი ვართ საქართველოს 26 ოქტომბრის არჩევნების წინასაარჩევნო გარემოთი, რომელიც დაირღვა ხმების მოსყიდვით, ამომრჩეველთა დაშინებით, ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებითა და საარჩევნო სამეთვალყურეო საბჭოებში საეჭვო დანიშვნებით. 26 ოქტომბრის არჩევნები წარმოადგენდა საქართველოსთვის ფასდაუდებელ შესაძლებლობას, დაემტკიცებინა საერთაშორისო საზოგადოებისთვის, NATO-ს და ევროკავშირისთვის, რომ საქართველო მტკიცედ რჩებოდა ევროატლანტიკური გზის ერთგული. სამწუხაროდ, კამპანიის რიტორიკით – დასავლეთის დადანაშაულებით რუსეთის აგრესიაში უკრაინის წინააღმდეგ, სამოქალაქო საზოგადოების ამოსაძირკვად "უცხოური აგენტების" კანონმდებლობის მიღებით და პოლიტიკური ოპოზიციური ფიგურების წინააღმდეგ ძალადობრივ თავდასხმებზე პასუხისმგებლობის არარსებობით საქართველოს მთავრობამ ეს [რომ საქართველო მტკიცედ რჩება ევროატლანტიკური გზის ერთგული] ვერ დაამტკიცა. ეს არჩევნები, რომელმაც მნიშვნელოვანი გამოწვევები შეუქმნა დემოკრატიულ პროცესს, მნიშვნელოვნად აშორებს საქართველოს NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანებისგან. საჯარო სექტორის თანამშრომლებზე ფართო ზეწოლა, რათა ხმა მიეცათ მოქმედი პარტიისთვის და უარი გამოიძიონ ძალადობრივი თავდასხმები პოლიტიკურ ოპონენტებზე, არის ავტორიტარული ქცევა და მკვეთრი გადახვევა აქტიური, მრავალპარტიული განვითარებადი დემოკრატიიდან, რომელიც ოდესღაც განსაზღვრავდა საქართველოს. 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ჩვენ ნათლად უნდა ვთქვათ: შეერთებული შტატები და NATO-ს ყველა ქვეყანა დგას ქართველი ხალხისა და მისი ევროატლანტიკური მისწრაფებების გვერდით", – ნათქვამია განცხადებაში.