
"შევთანხმდით, რომ მაჟორიტარულ ოლქებში საერთო კანდიდატები უნდა გვყავდეს"
11/02/2020 14:08:52 საშინაო პოლიტიკა
პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან დღევანდელი შეხვედრის შემდეგ შეთანხმების ოთხი პუნქტი წარმოადგინა.
"პირველი ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმებააა საპროტესტო აქციების, პიკეტირების, მიტინგების გაგრძელება ყველგან, სადაც შესაძლებელია. აქ არ აქვს მნიშვნელობა, რომელი პარტია მიიღებს მონაწილეობას და რომელი არა, ყველა გაერთიანებული ვართ. მეორე, გავდივართ რეგიონებში, რათა ყველას ავუხსნათ, რომ მოვიდა საქართველოს მოქალაქის აქტიურობის დრო. ვერც ერთი პოლიტიკური გაერთიანება და პარტია ვერაფერს გააკეთებს, თუ მოქალაქე არ გამოვიდა ლეთარგიული ძილიდან, იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმი მის შვილებს და შვილიშვილებს პარავს დროს. მესამე, 4 აპრილს, 16:00 საათზე თბილისში გვექნება უზარმაზარი აქცია, სადაც ოპოზიციის სამოქმედო გეგმას და ტაქტიკას მოქალაქეებს გავაცნობთ. მეოთხე, შევთანხმდით, რომ მაჟორიტარული ოლქების მაქსიმალურ რაოდენობაში უნდა გვყავდეს ერთი კანდიდატი, რომელსაც არც ერთი სხვა პარტია არ დაუპირისპირდება. ეს იქნება იმის წინაპირობა, რომ თავიდან მოვიშორებთ ძირში გამომპალ ოლიგარქიულ რეჟიმს“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.