"უმუშევრად რჩება 5400-მდე ადამიანი" - ჭიათურის მაღარო და ზესტაფონის ფერო 6 თვით ჩერდება

31-10-2024 17:33:10 საზოგადოება

მაღაროელებს უთხრეს, რომ 6 თვით წყდება მუშაობა! ამ ეტაპზე უმუშევრად რჩება 5 400-ზე მეტი ადამიანი, - უთხრა bm.ge-ს მაღაროელმა ტარიელ მიქაცაძემ. საუბარია ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნისა და ჭიათურის მაღაროს მიერ 1 ნოემბრიდან მუშაობის შეწყვეტაზე.

მიქაცაძე ამბობს, რომ 30 ოქტომბერს შპს „მაღაროელის“ თანამშრომლებს შეხვდა კომპანიის წარმომადგენელი თემურ ხონელია და განუცხადა, რომ კომპანია 2025 წლის აპრილამდე აჩერებს მუშაობას და რომ დასაქმებულებს საშუალება აქვთ, ხელფასის 60% მიიღონ.

“თავიდან ამბობდნენ, რომ საწარმოები გაჩერდებოდა 3 თვე, თუმცა გუშინ საღამოს გვითხრეს, რომ საუბარია სამუშაო პროცესის 6 თვემდე გაჩერებაზე. თანამშრომლებისთვის პირობები მიუღებელია, 60%-იანი ანაზღაურება საკმარისი არ არის, რადგან საბანკო ვალდებულებები აქვთ. მათ გვაჩვენეს დოკუმენტაცია, რომ მთავრობა საწარმოების გაჩერების ნებართვას აძლევს. თუ სახელმწიფომ შეისწავლა და ნამდვილად კრიზისშია კომპანია, მაშინ აიღოს თავის თავზე პასუხისმგებლობა და გადაგვიხადოს დარჩენილი თანხა, ან უზრუნველგვყოს სამსახურებით”, - განაცხადა ტარიელ მიქაცაძემ და დასძინა, რომ უმუშევრად დარჩენილი თანამშრომლები განცხადებას გააკეთებენ, თუმცა ამ ეტაპზე დაგეგმვის პროცესში არიან.

მიქაცაძის ინფორმაციით, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში 1800 ადამიანი მუშაობს, ხოლო ჭიათურის მაღაროში 3600-მდე.

“ასე მოულოდნელად, გაფრთხილების გარეშე ადამიანების გაშვება სახლში, არ შეიძლება! მარტივი მდგომარეობის წინაშე არ ვართ”, - დასძინა მან.

საწარმოების 100%-იანი წილების მფლობელ “ჯორჯიან მანგანეზია”. საპასუხო კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები