წითლიძე: ჯერ კიდევ არ არის ის პირადობები დაბრუნებული

31-10-2024 18:03:50 პოლიტიკა ,საზოგადოება

„ერთიანობის“ წევრი ანა წითლიძე, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდშივე საუბრობდა მოქალაქეებისთვის პირადობის დამადასტურებელი მოწმობების ჩამორთმევაზე, ამბობს, რომ მასშტაბი თავიდანვე ვერ შეფასდა.

ის ამბობს, რომ მისი საინფორმაციო ბრიფინგები არა მოქალაქეების დაშინებას, არამედ პრევენციას ემსახურებოდა:

„ჩემი ყველა ბრიფინგი იყო პრევენცია, რომ რაც შეიძლება ნაკლები ადამიანისთვის გამოერთმიათ პირადობა“.

ის იხსენებს, რომ ადამიანები სვამდნენ კითხვებს, თუ რაში სჭირდებოდა ამგვარი ზომების მიღება სახელისუფლებო გუნდს, ან იყო მოლოდინი, რომ არჩევნებამდე უკან დაუბრუნებდნენ მოქალაქეებს.

„ჯერ კიდევ არ არის ის პირადობები დაბრუნებული, შემიძლია, გითხრათ. მთელ რიგ ადამიანებს ვიცნობ ზუგდიდში, რომლებსაც ჩამორთმეული აქვთ პირადობები“,- ამბობს ამასთან დაკავშირებით წითლიძე.

მისი თქმით, შემთხვევები დოკუმენტირებულია და ხაზს უსვამს, „რომ არ გვქონოდა შესაძლებლობა, რომ გრძელვადიანი დამკვირვებლები ადგილზე ყოფილიყვნენ, ეს საკითხი ვერ მოხვდებოდა საერთაშორისო დამკვირვებლების ანგარიშებში. მათ შესაძლებლობა ჰქონდათ, პირადად ესაუბრათ ადამიანებთან“.

არჩევნების დღის მოახლოებასთან ერთად პირადობის მოწმობების ჩამორთმევის საკითხზე აქტიურად საუბრობდნენ როგორც პოლიტიკოსები, ისე ადგილობრივი დამკვირვებლები. ხაზი ესმებოდა მასშტაბურობას.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები