უკრაინის ომის დაწყებიდან პირველად, ლავროვი ევროკავშირის წევრ ქვეყანაში ჩავა

01-11-2024 10:08:47 ევროპა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი დეკემბერში მალტაში გეგმავს ვიზიტს ეუთო-ს მინისტერიალზე დასასწრებად, - აცნობა რუსულ მედიას საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.

რუსეთში მალტის საელჩოში განმარტეს, რომ გადაწყვეტილება 5-6 დეკემბერს კუნძულზე მინისტერიალის გამართვის შესახებ "ეხება ეუთო-ს ყველა წევრ სახელმწიფოს". რაც შეეხება ლავროვის სანქცირებულობის ფაქტს, ამ საკითხზე საელჩოში დამატებითი კომენტარის გაკეთება არ ისურვეს.

ამგვარად, რუსეთის მთავარი დიპლომატი უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დღიდან პირველად შეადგამს ფეხს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოში.

ბოლოს ლავროვი ევროკავშირის ტერიტორიაზე 2021 წელსაა ნამყოფი. მაშინ იგი სტოკჰოლმში ეუთო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალს დაესწრო.

ლავროვი, პრეზიდენტ პუტინის მსგავსად, ევროკავშირის მიერ დაწესებული ინდივიდუალური სანქციების ქეშ იმყოფება. ამასთან, ევროკავშირმა მათ წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე შესვლის შესაძლებლობა დაუტოვა. თუმცა 2022 წელს პოლონეთმა, რომელიც იმხანად ეუთო-ს თავმჯდომარეობდა, არ შეუშვა რუსი დიპლომატი ქალაქ ლოდზში, სადაც ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს სხდომა იმართებოდა.

გასული წლის ნოემბერში ლავროვი ეუთო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალს ჩრდილოეთ მაკედონიაში დაესწრო. ამის გამო უკრაინამ და ბალტიისპირეთის სამივე სახელმწიფომ ღონისძიებაში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს.

ცნობისთვის: ეუთო არ წარმოადგენს სტრუქტურას, რომელსაც წონადი პოლიტიკური როლის შესრულება შეუძლია, თუმცა რუსეთი მას არ ტოვებს, რადგან სურს, გამოიყენოს ყველა პლატფორმა საკუთარი პოზიციის საერთაშორისო საზოგადოებამდე მისატანად.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები