ჰერბსტი: კრემლის მხარდაჭერა კიდევ ერთი მიზეზია იმისთვის, რომ არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით ეჭვი გაჩნდეს

01-11-2024 10:14:25 პოლიტიკა ,კომენტარი

"ატლანტიკური საბჭოს" ევრაზიის პროგრამების დირექტორი და ყოფილი დიპლომატი ჯონ ჰერბსტი ამბობს, რომ შეშფოთებულია იმ საარჩევნო დარღვევებით, რაც დამკვირვებლებმა დააფიქსირეს საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე.

"ფაქტია, რომ არჩევნები გაყალბებულია. მაგრამ ახლა მთავარი კითხვაა, არის თუ არა ის იმ დონეზე გაყალბებული, რომ შედეგები გაუქმდეს და არჩევნები თავიდან ჩატარდეს. ამ ეტაპზე, პასუხი ამ კითხვაზე არ მაქვს. გაოგნებული ვარ იმით, რომ როგორც ეუთო/ოდირის, ისე NDI-ის და IRI-ის ანგარიშებმა, არჩევნებთან დაკავშირებით არაერთი პრობლემა წარმოაჩინა . ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ამ არჩევნებს არალეგიტიმური უწოდა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია საარჩევნო დარღვევების მონაცემები ის, რაც ქართულმა ოპოზიციამ, სამოქალაქო საზოგადოებამ, NDI-მა და IRI-მა, ეუთო/ოდირმა შეაგროვეს. ნათელია, რომ კრიზისის წინაშე ვართ."- ამბობს ჰერბსტი "ამერიკის ხმასთან".

საქართველოს მთავრობისთვის არჩევნებში გამარჯვება ჯერ არ მიულოცია არცერთ დასავლურ ქვეყანას, გარდა უნგრეთისა. ოფიციალურმა თბილისმა მილოცვები მიიღო თურქეთისგან, აზერბაიჯანისგან, სომხეთისგან, ვენესუელისა და საუდის არაბეთისგან. მილოცვები და არჩევნების პროცესის უნაკლობაზე საუბარი არ დაიშურეს რუსეთშიც. ვაშინგტონში ამბობენ, რომ ეს კიდევ ერთ, დიდ შეკითხვას აჩენს საქართველოს საპარლამენტო არჩევნებისადმი.

"კრემლის მხარდაჭერა, რა თქმა უნდა, კიდევ ერთი მიზეზია იმისთვის, რომ [არჩევნების] შედეგებთან დაკავშირებით ეჭვი გაჩნდეს. ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი ხვდება, რომ არჩევნებს სერიოზული პრობლემები ჰქონდა და ამიტომაც, არ სურთ, რომ მისი ლეგიტიმურობა აღიარონ. ასე რომ როგორც ჩანს, ბრძოლა ახლა ქუჩაში გადაინაცვლებს და თუ მთავრობა ისეთი სულელი აღმოჩნდება, რომ მშვიდობიანი დემონსტრანტები დაარბიოს, მაშინ, საერთაშორისო საზოგადოების აზრი მათ წინააღმდეგ გადამწყვეტად უარყოფითი იქნება”, - აცხადებს ჯონ ჰერბსტი.

ჯონ ჰერბსტი მიიჩნევს, რომ შესაძლოა, ოპოზიციას ახლა უკეთესი შანსები ჰქონდეს, ვიდრე 2020 წელს, თუმცა გარანტირებული არაფერია.

“2020 წელს "ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვა. ამაზე რეაქცია დასავლეთში მართალია თითქოს დღევანდლის მსგავსი იყო, მაგრამ არც ისე მწვავე, როგორც დღეს. როგორც მახსოვს, მაშინ საქართველოს პრეზიდენტიც არ ამბობდა, რომ არჩევნები გაყალბდა. ასე რომ, ოპოზიციისთვის შანსები, ახლა, ალბათ გაცილებით უკეთესია”, - ამბობს ყოფილი დიპლომატი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები