Accentnews.ge
ღოღობერიძე: "ტყუილია, რომ ევროინტეგრაცია გრძელდება, არ დავყაროთ ფარხმალი და გავაკეთოთ, ვისაც რა შეგვიძლია, მათ შორის ქუჩაში დგომით, მშვიდობიანი პროტესტით"

ღოღობერიძე: "ტყუილია, რომ ევროინტეგრაცია გრძელდება, არ დავყაროთ ფარხმალი და გავაკეთოთ, ვისაც რა შეგვიძლია, მათ შორის ქუჩაში დგომით, მშვიდობიანი პროტესტით"

01/11/2024 12:27:17 საზოგადოება

„მივმართავ თანამოაზრეებს – გამარტივებულად რომ ვთქვათ, დღეს ზედაპირზეა რამდენიმე, ჩემი აზრით, უტყუარი ჭეშმარიტება:

1) საქართველოს ნორმალური მომავალი ევროინტეგრაციას უკავშირდება. ამის ალტერნატივა ბნელ წარსულში - შენიღბულ საბჭოთა კავშირში დაბრუნებაა. დღეს ამ პროცესს დიდი დარტყმა მიადგა, ტყუილია, რომ ევროინტეგრაცია გრძელდება.

ევროსტრუქტურების ყველა პასუხისმგებელი პირი გვეუბნება, რომ ის შეჩერებულია - მას ბოლო ლახვარი გაყალბებულმა არჩევნებმა ჩასცხო.

2) ლოზუნგს „ომი გინდა’’ ერთადერთი პასუხი აქვს: სწორედ ომი რომ არ გვინდა, იმიტომაც ვირჩევთ ევროპას, რომელიც რეალურად არის მშვიდობის გარანტი, - ევროკავშირის დაარსების დღიდან მის ტერიტორიაზე არცერთი ომი არ ყოფილა, ამ კონტინენტზე ომის გამჩაღებელი მხოლოდ რუსეთია.

3) თუ საბოლოოდ მოვწყდებით ევროინტეგრაციის გზას, გველოდება სრული იზოლაცია, რაც ჩვენნაირი პატარა და მწირი რესურსების მქონე ქვეყნისთვის გაღატაკების ტოლფასია.

უფრო პირადი განცდები: ათეული წლების მანძილზე იმდენად ღრმად ვიყავი დარწმუნებული იმაში, რომ ჩვენი სვლა ევროპისკენ ისტორიული კანონზომიერებით არის განპირობებული და ამდენად აბსოლუტურად შეუქცევადია, რომ ეს - ქართველი ხალხის საუკუნეებით განმტკიცებული ნებით გამყარებული - რწმენა ასე ადვილად ვერ შეირყევა.

შინაგანად ვერ გავწირავ ვერც ჩემიანებს და ვერც იმათ, ვინც დღეს სხვანაირად ფიქრობს, იმისათვის, რომ დავუშვა: ისინი განწირული არიან იმისათვის, რომ ჩემს მსგავსად, მთელი ცხოვრება საბჭოთა კავშირის მსგავს ქვეყანაში იცხოვრონ. უუფლებოდ, დამცირებულად. როგორც მეორეხარისხოვანი, რუსეთის ქუსლქვეშ მყოფი სახელმწიფოს შვილებს შეეფერებათ. განსაკუთრებით მაშინ, როცა ხელისგაწვდენაზეა ევროპა თავისი კეთილდღეობით, მშვიდობით, უსაფრთხოებით, თანასწორობით. სადაც პიროვნებას ეხსნება თავისუფლების, სიხარულის, ცხოვრების მშვენიერების შეგრძნების სივრცე. ეს ყველაფერი დღესაც ჩვენს ხელთაა. იმიტომ რომ მართლები ვართ. იმიტომ რომ ამას ჩვენი ხალხი და ჩვენი ქვეყანა იმსახურებს.

მთავარია - არ დავყაროთ ფარხმალი. გავაკეთოთ, ვისაც რა შეგვიძლია. ქუჩაში დგომით, მშვიდობიანი პროტესტით - რისი დიდი კულტურა გამოვამჟღავნეთ ამ ბოლო ხანს, სიტყვით, ცვალებადი სიტუაციის ანალიზით და საერთო გეგმის შემუშავებით. და რაც ყველაფრის თავი და თავია: ერთმანეთისადმი ნდობით და ურყევი რწმენით: ჩვენ გავიმარჯვებთ!”, - წერს კინორეჟისორი ლანა ღოღობერიძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის: 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგებით, პირველ ადგილზე ხმების 50%-ზე მეტით მმართველი პარტია „ქართული ოცნებაა“. 5%-იანი ბარიერი გადალახა ოთხმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ.

ოფიციალური წინასწარი მონაცემები ასე გამოიყურება:

„ქართული ოცნება“ - 53,931%;

"კოალიცია ცვლილებისთვის" - 11,035%;

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" - 10,167%;

"ძლიერი საქართველო" - 8,81%;

"გახარია საქართველოსთვის" - 7,768%.

ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგი გაყალბებულად გამოაცხადეს, არ აღიარეს და მოითხოვეს ახალი არჩევნები, რომელსაც საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია ჩაატარებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S