მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია: „კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნას სავარაუდოდ, 18 თვე დასჭირდება“

11-02-2020 20:07:19 მსოფლიო

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნას 18 თვე დასჭირდება, - ამის შესახებ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის თავმჯდომარემ ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა.

„ასე, რომ სადღეისოდ ჩვენს ხელთ არსებული საშუალებების გამოყენებით ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. შემთხვევების 99% ჩინეთში ფიქსირდება, რაც საგანგებო მდგომარეობაა ამ ქვეყნისთვის, მაგრამ ვირუსი მთელი დანარჩენი მსოფლიოსთვის ძალიან დიდ საფრთხეს წარმოადგენს“, - განაცხადა გებრეისუსმა და დასძინა, რომ ამ მძიმე ვითარებაში „უმნიშვნელოვანესია სოლიდარობა“.

მისივე თქმით, კორონავირუსს ოფიციალურად ეწოდა „COVID-19“ და სხვა სახელით მისი მოხსენიება არასწორი იქნება.

ცნობისთვის: ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 1 016-მდე გაიზარდა. მხოლოდ 10 თებერვალს ვირუსით ჰუბეის პროვინციაში 103 ადამიანი დაიღუპა.

ამასთან, აღნიშნულ რეგიონში 10 თებერვალს დაინფიცირების 2 097 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 9 თებერვალს კი ვირუსი 2 618 ადამიანს დაუდგინდა.

უკანასკნელი მონაცემებით, ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით სულ 42 200 ადამიანია ინფიცირებული.

ვირუსთან არაეფექტური ბრძოლის ბრალდებით ჩინეთის ხელისუფლებამ ჰუბეის ჯანდაცვის კომისიის ხელმძღვანელი და პარტიის მდივანი, ასევე წითელი ჯვრის ადგილობრივი ორგანიზაციის დირექტორის მოადგილე თანამდებობებიდან გაათავისუფლა.

10 თებერვალს ჩინეთში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მისია ჩავიდა. პეკინის ერთ-ერთ საავადმყოფოში იმყოფებოდა ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი. მან ის ექიმები მოინახულა, რომლებიც დაინფიცირებულ ადამიანებს მკურნალობენ. ქვეყნის პრეზიდენტმა თქვა, რომ ვირუსთან საბრძოლველად გადამწყვეტი ზომებია საჭირო.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები