
ჩრდილოეთ კორეა უკრაინის წინააღმდეგ ომში ოფიციალურად ერთვება
01/11/2024 14:05:18 მსოფლიო
ჩრდილოეთ კორეა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში ოფიციალურად ერთვება. როგორც დღეს კიმ ჩენ ინის რეჟიმის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ცოი სონ ჰიმ განაცხადა, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა "წმინდა ომში რუსეთის მძლავრი დახმარების" ბრძანება გასცა.
"სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყებისთანავე პატივცემულმა ამხანაგმა სახელმწიფო საქმეთა თავმჯდომარემ კიმ ჩენ ინმა გასცა განკარგულება, რათა ჩვენ, სხვათა აზრის გაუთვალისწინებლად, ურყევად და მძლავრად დავხმარებოდით რუსულ არმიასა და რუს ხალხს მის წმინდა ომში. ფხენიანს რუსეთის გამარჯვებაში ეჭვი არ ეპარება და მზადაა, საბოლოო გამარჯვებამდე გვერდში ედგას ჩვენს რუს მეგობრებს" - განაცხადა ცოი სონ ჰიმ.
მანამდე გაერო-ში უკრაინის მუდმივმა წარმომადგენელმა სერგეი კისლიცამ განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეამ რუსეთში 12 000 სამხედრო გაგზავნა, მათ შორის - სულ მცირე, 500 ოფიცერი და სამი გენერალი და რომ კორეელი სამხედროები ამჟამად სპეცმომზადებას გადიან რუსეთის აღმოსავლეთ სამხედრო ოლქის ხუთ პოლიგონზე. კისლიცას ინფორმაციით, მათგან სულ მცირე, ხუთი ნაწილის ან შენაერთის ფორმირება იგეგმება, თითოეულის 2-3 ათასის რიცხოვნობით.
რუსეთში ჩრდილოეთკორეელი სამხედროების შესაძლო გადასროლის შესახებ ოქტომბრის დასაწყისში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმაც გააკეთა განცხადება. მეორე დღეს ეს ინფორმაცია დაადასტურა სამხრეთ კორეის დაზვერვამაც. პენტაგონის ხელმღვანელმა ლოიდ ოსტინმა კი კორეელი სამხედრობის რუსეთში ყოფნის მტკიცებულებების არსებობის შესახებ გამოაცხადა, თუმცა აღნიშნა, რომ რას აკეთებდნენ ისინი ადგილზე - ვაშინგტონისთვის ჯერ უცნობი იყო.
თავად ჩრდილოეთ კორეა და რუსეთი ხანგრძლივი დროის განმავლობაში უარყოფდნენ ცნობებს კორეული ჯარების გადაადგილდების თაობაზე, თუმცა 24 ოქტომბერს პუტინმა მათი რუსეთში ყოფნა დაადასტურა. მან ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების მე-4 პუნქტი მოიშველია, რომელიც ომის შემთხვვაში ერთი მხარის მიერ მეორეს სამხედრო დახმარებას ეხება. "ჩრდილოეთ კორეის ხელმძღვანელობა ნაკისრ ვალდებულებებს ძალზე მაღალი პასუხისმგებლობით ეკიდება, თუმცა რას და როგორ მოვიმოქმედებთ - ეს უკვე ჩვენი საქმეა" - განაცხადა პუტინმა.
მისი ამ განცხადების შემდეგ აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა საბრინა სინგჰმა აცნობა მედიას, რომ ვაშინგტონი უკრაინულ ჯარს ჩრდილოეთკორეელი სამხედროების წინააღმდეგ ამერიკული იარაღის გამოყენებაზე შეზღუდვას გაუუქმებს, თუკი ისინი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მხარეს ბრძოლებში ჩაებმებიან.
დღეს კი ამერიკელმა კომგრესმენემა გააჟღერეს ინიციატივა, ომში ჩრდილოეთ კორეის ჩაბმის შემთხვევაში აშშ-მა რუსეთის ტერიტორიაზე მყოფ კიმ ჩენ ინის ჯარებზე დარტყმები განახორციელოს.