
სირსკი: "ახლა უკრაინის შეიარაღებული ძალები აკავებენ რუსეთის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ შეტევას სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყების შემდეგ"
03/11/2024 07:09:55 მსოფლიო
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ოლექსანდრ სირსკი აცხადებს, რომ რუსეთის არმია ამჟამად ახორციელებს ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ შეტევას რუსეთ-უკრაინის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ. ამის შესახებ მან ჩეხეთის გენერალური შტაბის უფროსთან კარელ ჟეგკასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„ჩემს ჩეხ კოლეგებს ვაცნობე ფრონტის ხაზზე არსებული ვითარების შესახებ, რომელიც კვლავაც მძიმეა. აქტიური საბრძოლო მოქმედებები, რომლებიც გარკვეული მიმართულებებით გრძელდება, მოითხოვს უკრაინული დანაყოფების რესურსების მუდმივ განახლებას. ახლა უკრაინის შეიარაღებული ძალები აკავებენ რუსეთის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ შეტევას სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყების შემდეგ“, – განაცხადა სირსკიმ.
მანამდე,The New York Times წერდა, რომ "უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ყველაზე დიდი პრობლემა ჯარისკაცების ნაკლებობაა".
"დასავლელი ოფიციალური პირები და ექსპერტები მიიჩნევენ, რომ რუსეთიც ასევე განიცდის ჯარისკაცებისა და აღჭურვილობის მწვავე დეფიციტს. ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა დაამატეს, რომ თუ შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას მომავალ ზაფხულამდე, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შესაძლებლობა მიეცემათ ისარგებლონ იმით, რომ რუსეთს არ ჰყოფნის აღჭურვილობა და ჯარისკაცები", – იუწყება The New York Times.