
მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში პროევროპელმა მაია სანდუმ გაიმარჯვა
04/11/2024 05:50:07 მსოფლიო
მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა, პროევროპელმა მაია სანდუმ გაიმარჯვა.
მან ხმების 54,91% მიიღო, ხოლო მისმა მეტოქემ, ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა ალექსანდრ სტოიანოგლუმ, რომელსაც პრორუსული „მოლდოვის სოციალისტური პარტია“ უჭერს მხარს, – 45,09%.
3 ნოემბერს გაიმართა არჩევნების მეორე ტური, ხოლო პირველი ტური, რომელშიც ვერცერთმა კანდიდატმა ვერ დააგროვა 50%-ზე მეტი, 20 ოქტომბერს ჩატარდა.
მაია სანდუმ მადლობა გადაუხადა ამომრჩევლებს აქტიური მონაწილეობისთვის და, სხვა საკითხებთან ერთად, ხაზგასმით აღნიშნა "კიშინიოვში კარგი აქტივობა და მოლდოველი ამომრჩევლის განსაკუთრებული მობილიზაცია საზღვარგარეთ".
კენჭისყრის დღეს – 3 ნოემბერს მოლდოვის ხელმძღვანელობამ მოსკოვის წინააღმდეგ გამოთქვა ახალი ბრალდებები არჩევნებში ჩარევის შესახებ. კერძოდ, კომენტარი გააკეთა მოლდოვის მოქმედი პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში სტანისლავ სეკრიერუმ. მან ხმის მიცემის პროცესში რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ჩარევის შესახებ ისაუბრა. მოსკოვმა მსგავსი ბრალდებები არაერთხელ უარყო.
ევროპელმა ლიდერებმა სანდუს მოლდოვის პრეზიდენტად მეორე ვადით არჩევა მიულოცეს. სანდუმ მილოცვა მიიღო, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისგან.