
კამალა ჰარისმა საპრეზიდენტო არჩევნებში ხმა უკვე მისცა
04/11/2024 06:23:18 მსოფლიო
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის დემოკრატმა კანდიდატმა, მოქმედმა ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა ხმის წინასწარ მიცემის უფლებით ისარგებლა.
3 ნოემბერს მიჩიგანის შტატში მყოფმა ჰარისმა ჟურნალისტებს დაუდასტურა, რომ შევსებული საარჩევნო ბიულეტენი ფოსტით გაგზავნა თავის მშობლიურ კალიფორნიის შტატში.
შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნების ძირითად დღემდე – 5 ნოემბრამდე კენჭისყრაში წინასწარ მონაწილეობის უფლებით უკვე 25 მილიონზე მეტმა ამერიკელმა ისარგებლა. ნაწილმა ბიულეტენი ფოსტით გაგზავნა, ნაწილმა კი ხმა წინასწარი კენჭისყრის უბნებზე მისცა.
მიჩიგანში შემაჯამებელ საარჩევნო მიტინგზე გამოსვლისას ჰარისმა განაცხადა, რომ 5 ნოემბერს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნები ჩატარდება და ამერიკელებს კენჭისყრაში მონაწილეობისკენ მოუწოდა. მისი განცხადებით, ქვეყანაში ახალი თაობის ლიდერების დრო დადგა.
საპრეზიდენტო არჩევნებში კამალა ჰარისის მეტოქე ყოფილი პრეზიდენტი, რესპუბლიკელი დონალდ ტრამპია. მან კენჭისყრის ძირითად დღემდე შემაჯამებელი მიტინგები პენსილვანიაში, ჩრდილოეთ კაროლინასა და ჯორჯიაში გამართა.
მილიარდერი ბიზნესმენი დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტი 2017 წლის 20 იანვრიდან 2021 წლის 20 იანვრამდე პერიოდში იყო. 2020 წლის ნოემბრის არჩევნებში მეორე ვადით კენჭისყრისას ტრამპი დამარცხდა დემოკრატ ჯო ბაიდენთან, თუმცა მარცხს არ აღიარებდა და აცხადებდა, რომ არჩევნები გაყალბდა.
2021 წლის 6 იანვარს, ჯო ბაიდენის ინაუგურაციამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე, დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ და მოითხოვდნენ, რომ კონგრესს არ ეღიარებინა საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება. მასობრივი არეულობების შედეგად დაიღუპა ხუთი ადამიანი, მათ შორის პოლიციელი. კაპიტოლიუმზე თავდასხმის გამო ბრალდებულია 1000-ზე მეტი პირი. საქმე აღძრულია ტრამპის წინააღმდეგაც.