Accentnews.ge
გახარია: ჩვენ რამდენიმე კრიზისული ფაზა გველის, სამი სისტემური კრიზისის წინაშე ვდგებით

გახარია: ჩვენ რამდენიმე კრიზისული ფაზა გველის, სამი სისტემური კრიზისის წინაშე ვდგებით

04/11/2024 06:28:08 პოლიტიკა

"საქართველოსთვის" დამფუძნებელი გიორგი გახარია ხაზს უსვამს პროტესტის მნიშვნელობას და ამბობს, რომ მასში მისი გუნდი მიიღებს მონაწილეობას.

"ვიქნებით იქ, სადაც ჩვენი ამომრჩეველი იქნება. ჩვენ ჩვენს ამომრჩეველთან ახლა უკვე ისეთი ბმა გვაქვს, რასაც ვერავინ და ვერაფერი ვერ გაწყვეტს. ამიტომ, ჩვენ ყოველთვის ვიქნებით იქ, სადაც ჩვენი ამომრჩეველი იქნება",- თქვა გახარიამ "ფორმულას" ეთერში.

შეეხება გეგმას, გახარიას თქმით, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ "პირველ რიგში ემოციები დავაცხროთ და ეფექტიანობაზე, შედეგზე ვიყოთ ორიენტირებული".

"ჩვენ რამდენიმე კრიზისული ფაზა გველოდება. ჩვენი ბრალი ეს არ არის. ეს არის ხელისუფლების გადაწყვეტილება, რომელმაც გადაწყვიტა, რომ იმისთვის, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს, უნდა მოპაროს ქართველ ხალხს ნება",- თქვა გახარიამ და განმარტა, რომ პირველი ფაზა იქნება შემდეგი ორი თვე - ახალ წლამდე.

ამ ფაზაში, მისი თქმით, ყველაზე დიდი ამოცანა არის, რომ ამ არჩევნების ლეგიტიმაცია არ მოხდეს, ამისთვის კი პარტნიორებისთვის სრული სურათის ჩვენება უნდა მოხდეს:

"საერთაშორისოდ ჯერ გაფორმებული არ არის არც ლეგიტიმაცია, არც დელეგიტიმაცია. შუაშია ჩამოკიდებული. ამიტომ არის ეს გამოძიების საკითხი. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი მტკიცებულებები (არა კონკრეტული ცალკე აღებული მტკიცებულებები - კონკრეტული ცალკე აღებული მტკიცებულებები საჭიროზე უფრო მეტია), კომპლექსური სურათი, როგორ მოხდა სისტემურად არჩევნების გაყალბება....უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს და მათ შორის, სადამკვირვებლო მისიებს, მათთვის ეს საერთოდ რთულად აღსაქმელია, როგორ შეიძლება 200 000 ხმის მოპარვა, მაგრამ როდესაც მათ უხსნი, რომ სახელმწიფო, მთელი თავისი ინფრასტრუქტურით, ინსონალური ცოდნით, პერსონალური მონაცემებით, მთელი სისტემით, უბრალოდ ერთ პარტიას უდგას გვერდით და გადაქცეულია პარტიის ინსტრუმენტად (ძალოვნები, სასამართლო, პროკურატურა, შემოსავლების სამსახური, ფინანსთა სამინისტრო) ამის შემდგომ, ამ ხალხმა უნდა დაინახოს და მიხვდნენ, რომ მტკიცებულებების დამტკიცებამდე, ეს ჩარევა იმდენად კომპლექსური იყო, რომ მას პირდაპირი გავლენა ჰქონდა შედეგზე. ეს არის ყველაზე სწრაფი გზა, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, რომ საერთაშორისო პოზიცია ჩამოყალიბდეს და საერთაშორისო პოზიციის ჩამოყალიბება უნდა გადაითარგმნოს იმაში, რომ მივაღწიოთ ერთი, დიდი ნაწილის გადათვლას, მეორე, რიგგარეშე არჩევნებს - ოღონდ, უნდა გვესმოდეს, რომ ერთსაც და მეორესაც აზრი აქვს მხოლოდ და მხოლოდ ცესკოს ახალი ადმინისტრაციის პირობებში და როგორც მინიმუმ, სუს-ის ახალი ადმინისტრაციის პირობებში".

პარალელურად, გახარიას თქმით, "ქართულმა ოცნებამ" ქვეყანა დააყენა რამდენიმე კრიზისის წინაშე.

"კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ფაქტობრივად დღეს პოლიტიკური იზოლაციას მოჰყვება ეკონომიკური იზოლაცია",- ამბობს გახარია და განაგრძობს, "ფაქტია, რომ სამი სისტემური კრიზისის წინაშე ვდგებით. ეს არის ჩვენი პოლიტიკური იზოლაცია - საერთაშორისო ურთიერთობების კრიზისი, ეკონომიკური და უსაფრთხოების კრიზისი".

ის ამბობს, რომ პოლიტიკურ კრიზისთან გამკლავების გეგმა არის საჭირო, რომელზეც მისი გუნდი უშაობს:

"უკვე დაწერილი გვაქვს და უნდა გავაკეთოთ მარტივი რამ, როგორც კი შიგნით 2 თვის თემას დავხურავთ, უნდა დავიწყოთ მუშაობა ევროპელ პარტნიორებთან იმაზე, რომ მათი ქმედებები დღევანდელი არალეგიტიმური პარლამენტის და მის მიერ არჩეული მთავრობის წინააღმდეგ, არ შეეხოს მოქალაქეებს და ტარგეტირებულად შეეხოს იმ ადამიანებს. სხვა გამოსავალი არ გვაქვს. ჩვენ გვექნება არჩევანი, ან საქართველოს თითოეულ მოქალაქეს გაუუქმონ უვიზო რეჟიმი და ბევრი სხვა ნაბიჯი გადადგან, ან ქვეყნის მტრებს ტარგეტირებულად მიდგნენ. [...] ეკონომიკურ ნაწილში უნდა გვესმოდეს, რომ როგორც კი პოლიტიკური იზოლაცია ფაქტი გახდება, ლარის კურსი, საფინანსო სისტემის მდგრადობა, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, უბრალოდ ბიზნესებს შორის ურთიერთობები - რა თქმა უნდა, აქ სერიოზული პრობლემები გაჩნდება, რომლის შედეგი და ეფექტი ეკონომიკაზე, იქნება ძალიან სწრაფი. ეს 2-3 თვის საკითხია".

რაც შეეხება უსაფრთხოების ნაწილს, გახარია ამბობს, "როგორ წარმოგიდგენიათ, მეგობრებო, საქართველო, რომელსაც სტრატეგიული ფარდა და ქოლგა არ ექნება ევროკავშირის და ამერიკის, რომლებიც ჩვენს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის გარდა, ყოველდღიურ საოპერაციო უსაფრთხოებაში გვეხმარებოდნენ, როგორ გგონიათ, როგორ იოპერირებს საქართველოს ტერიტორიაზე ყველა ის რეგიონალური დიდი სახელმწიფო, რომელიც უზომოდ არის დაინტერესებული, რომ საქართველო ევროპული კონტექსტიდან ამოგლიჯოს და ახლოაღმოსავლური, ერთ-ერთი რიგითი პატარა ქვეყანა გახადოს - ჩვეულებრივი რუხი ზონა, სადაც რუსეთი, ირანი, ჩინეთი და ბევრი სხვა სახელმწიფო უბრალოდ რუხ ბიზნესს გააკეთებენ?! ფაქტობრივად, ქვეყანა ამ ხელისუფლების წყალობით, ამ გლობალურ დაპირისპირებაში კი არ ირჩევს მხარეს, უკვე ხდება მხარე!".

გახარიას თქმით, "იმის გათვალისწინებით, რომ ეს ხელისუფლება დაკავებულია მხოლოდ იმით, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს და მოპარული ფული გადაფაროს", ყველამ ერთად "უნდა ვიფიქროთ, როგორ გავუმკლავდეთ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და უსაფრთხოების ნაწილში იზოლაციას".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S