
Amnesty International მოუწოდებს ირანს, გაათავისუფლოს ირანელი ქალი, რომელიც პროტესტის ნიშნად უნივერსიტეტთან თითქმის სულ გაშიშვლდა
04/11/2024 11:29:38 მსოფლიო
საერთაშორისო უფლებადამცავი ორგანიზაცია Amnesty International მოუწოდებს ირანს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ახალგაზრდა ქალი, რომელიც თეირანის უნივერსიტეტის შენობასთან თითქმის მთლიანად გაშიშვლდა შევიწროების წინააღმდეგ აშკარა პროტესტის ნიშნად.
ირანის ხელისუფლებამ სტუდენტი ქალი 2 ნოემბერს დააკავა, როცა მან ქვედა საცვლებამდე ყველაფერი გაიხადა ქუჩაში, უნივერსიტეტთან.
ვიდეოჩანაწერი პირველად სტუდენტურმა არხმა Amir Kabir-მა გამოაქვეყნა, შემდეგ კი უფლებადამცავმა ჯგუფმა – Hengaw-მ, Amnesty International-მა და სხვებმა.
„გათავისუფლებამდე ხელისუფლებამ იგი უნდა დაიცვას წამებისა და სასტიკი მოპყრობისგან, მას ასევე უნდა ჰქონდეს ოჯახთან და ადვოკატთან კავშირის შესაძლებლობა“, - აცხადებს Amnesty.
„ცემისა და სექსუალური ძალადობის შესახებ ცნობა დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად უნდა გამოიძიონ. დამნაშავეები პასუხისგებაში უნდა იქნენ მიცემული“, - წერს უფლებადამცავი ორგანიზაცია.