სამინისტრო: DIB სკოლაში "თავდაცვის რესურსების მართვის პროგრამის სტრატეგიულ-ოპერატიული დონის კურსი" დაიწყო, რომელიც აშშ-ის მხარდაჭერით ხორციელდება

04-11-2024 15:46:40 თავდაცვა ,რეკლამა

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIBS) „თავდაცვის რესურსების მართვის პროგრამის სტრატეგიულ-ოპერატიული დონის კურსი“ დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

"პროგრამის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ პაატა პატიაშვილმა და აშშ-ის თავდაცვის ატაშემ, პოლკოვნიკმა ჯოზეფ ბილბომ.

მინისტრის მოადგილემ პროგრამის დანერგვის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკვე 2 წელია კურსი სრულად ქართული რესურსით ტარდება. პოლკოვნიკ ჯოზეფ ბილბოს განცხადებით, პროგრამა საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივის (GDDEI) ფარგლებში ტარდება და თავდაცვის ძალების მოდერნიზაციის განგრძობითობის ამსახველი კარგი მაგალითია.

5-დღიანი სასწავლო კურსი მიზნად ისახავს რესურსების მართვის ძირითადი მიმართულებების შესახებ მონაწილეების თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გაღრმავებას. აღნიშნული პროგრამა ხელს შეუწყობს ბიუჯეტის დაგეგმვისა და აღსრულების მიმართულებით მონაწილეების კვალიფიკაციის ამაღლებასა და ქვედანაყოფების მეტ ჩართულობას თავდაცვის რესურსების მართვის პროცესში.

„თავდაცვის რესურსების მართვის პროგრამის სტრატეგიულ-ოპერატიული დონის კურსი“ თავდაცვის სამინისტროსა და სხვა უწყებების მოწვეული ექსპერტების მიერ, აშშ-ის მხარდაჭერით ხორციელდება“, - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები