აქციის მონაწილეები მსვლელობით იუსტიციის სახლთან მივიდნენ

04-11-2024 21:50:02 პოლიტიკა

ოპოზიციის ლიდერები და აქციის მონაწილეები სანაპიროზე, იუსტიციის სახლთან მივიდნენ. ამჟამად ცალმხრივად არის გადაკეტილი საავტომობილო მოძრაობა. ასევე, მომიტინგეები იმყოფებიან ბარათაშვილის ხიდსა და მიმდებარე ტერიტორიაზე.

მოქალაქეებს ადგილზე გაშლილი აქვთ საქართველოს და ევროკავშირის დროშები.

მოქალაქეებმა მსვლელობა მას შემდეგ დაიწყეს, რაც „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ მათ „გამაფრთხილებელი პიკეტირების“ გამართვისკენ მოუწოდა:

“თავიდანვე გითხარით, რომ ვართ გრძელვადიან ბრძოლაში და ხელისუფლებას უნდა ვანახოთ, რომ ეს ქვეყანა არის ჩვენი. მოგმართავთ, რომ დავიძრათ და გამაფრთხილებელი პიკეტირება გავაკეთოთ ბარათაშვილის მხარეს, მხოლოდ მოძრაობით და მხოლოდ ასეთი მოქმედებით შევძლებთ, რომ გამოვაფხიზლოთ მთელი ქალაქი, რომელმაც მოიგო არჩევნები. მე და ჩემი მეგობრები გაგიძღვებით, არ იქნებით მარტო”.

რუსთაველის გამზირზე გამართულ დემონსტრაციაზე პოლიტიკურმა ლიდერებმა მოქალაქეებს გააცნეს სამოქმედო გეგმა და მთავარი პრინციპები, რაზეც ოპოზიციური პარტიები შეთანხმდნენ.

ახალი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით, ოპოზიცია ყოველდღიურად გეგმავს აქციების გამართვას. 5 ნოემბერს 14:00 საათზე სპორტის სასახლესთან იგეგმება დემონსტრაციის ჩატარება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები