04-11-2024 22:17:44 საზოგადოება
რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა. პარლამენტის წინ აქციაც დასრულდა და ორგანიზატორები აქციისთვის დამონტაჟებულ კონსტრუქციებს შლიან.
ადგილზე კვლავ რჩებიან საპატრულო პოლიციის თანამშრომლები.
რაც შეეხება მსვლელობას, ის თბილისის ქუჩებში კვლავ გრძელდება.
მოქალაქეებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან მსვლელობა მას შემდეგ დაიწყეს, რაც „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ მათ „გამაფრთხილებელი პიკეტირების“ გამართვისკენ მოუწოდა. დემონსტრანტებმა რუსთაველის გამზირიდან მტკვრის მარჯვენა სანაპიროსკენ გადაინაცვლეს და იუსტიციის სახლთან საავტომობილო გზა გადაკეტეს.
იუსტიციის სახლთან შეკრებილი მოქალაქეების ნაწილმა ზაარბრუკენის მოედნისკენ გადაინაცვლა. ისინი მარჯანიშვილის მოედნისკენ მიემართებიან.
დღეს რუსთაველის გამზირზე გამართულ დემონსტრაციაზე პოლიტიკურმა ლიდერებმა მოქალაქეებს გააცნეს სამოქმედო გეგმა და მთავარი პრინციპები, რაზეც ოპოზიციური პარტიები შეთანხმდნენ.
ახალი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით ოპოზიცია ყოველდღიურად გეგმავს აქციების გამართვას. 5 ნოემბერს, 14:00 საათზე სპორტის სასახლესთან იგეგმება დემონსტრაციის ჩატარება.