04-11-2024 23:08:54 საზოგადოება
თბილისში, პარლამენტის წინ გამართული აქციის შემდეგ საპროტესტო მსვლელობაც დასრულდა.
მოქალაქეებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან მსვლელობა მას შემდეგ დაიწყეს, რაც „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ მათ „გამაფრთხილებელი პიკეტირების“ გამართვისკენ მოუწოდა. დემონსტრანტებმა რუსთაველის გამზირიდან მტკვრის მარჯვენა სანაპიროსკენ გადაინაცვლეს და იუსტიციის სახლთან საავტომობილო გზა გადაკეტეს.
მოგვიანებით, იუსტიციის სახლთან შეკრებილმა მოქალაქეებმა ზაარბრიუკენის მოედნის გავლით მარჯანიშვილის მოედანზე გადაინაცვლეს, სადაც მსვლელობა დასრულდა.
დღეს რუსთაველის გამზირზე გამართულ დემონსტრაციაზე პოლიტიკურმა ლიდერებმა მოქალაქეებს გააცნეს სამოქმედო გეგმა და მთავარი პრინციპები, რაზეც ოპოზიციური პარტიები შეთანხმდნენ.
ახალი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით ოპოზიცია ყოველდღიურად გეგმავს აქციების გამართვას. 5 ნოემბერს, 14:00 საათზე სპორტის სასახლესთან იგეგმება დემონსტრაციის ჩატარება.