პრეზიდენტი: "საქართველო გადარჩება, გამოჩნდა ერთი წესიერი მოსამართლე, ერთი ღირსეული დიპლომატი და უამრავი უცნობი გმირი"

04-11-2024 23:15:19 პოლიტიკა

"საქართველო გადარჩება - ერთი წესიერი მოსამართლე გამოჩნდა, ერთი ღირსეული დიპლომატი და უამრავი უცნობი გმირი - ისიც არ დავივიწყოთ, რომ ერთგულ და გულანთებულ მოქალაქეს არაფერი გამოლევს ამ ქვეყანაში. თავდაცვაში, პოლიციაში თუ რიგით მოქალაქეებთა შორის არიან ის პიროვნებები, რომლებიც საქართველოს ოდიდან ქმნიდნენ. დღეს ყველანი ერთად ქმნიან უზარმაზარ ძალას, რომელიც ქვეყანას იცავს და დაიცავს მარად", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ცნობისთვის: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) ინფორმაციით, თეთრიწყაროს სასამართლომ ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა და მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ ორგანიზაციის სარჩელი დააკმაყოფილა.

საია განცხადებაში აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება ახალ პრეცედენტს ქმნის ამომრჩევლის ხმის ფარულობის უფლების დაცვის მიმართულებით.

"სასამართლომ დააკმაყოფილა საიას სარჩელი, რაც ახალ პრეცედენტს ქმნის ამომრჩევლის ხმის ფარულობის უფლების დაცვის მიმართულებით.

სასამართლოს მიერ შემთხვევითი შერჩევით შემოწმდა წალკისა და თეთრიწყაროს ოლქში რამდენიმე უბნის ბიულეტენი, სადაც დადასტურდა, რომ ბიულეტენების უკანა მხარეს მარკერის კვალი ხილვადია, რაც არღვევს ხმის ფარულობის უფლებას. მოსამართლემ, რომელიც თავად ჩაატრა შემოწმების პროცესი, დააფიქსირა ხმის მთვლელ აპარატში ბიულეტენის მოთავსებისას ფარულობის დარღვევის აშკარა ფაქტი.

საია მიესალმება ამ გადაწყვეტილებას და ხაზს უსვამს მის მნიშვნელობას დემოკრატიული საარჩევნო პროცესის უზრუნველსაყოფად", - ნათქვამია განცხადებაში.

ეს საიას 24 სარჩელიდან ერთადერთია, რომელიც დაკმაყოფილდა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები