ქურდოვანიძე: ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ყველა საარჩევნო დავა ერთ საქმედ გაერთიანდა
05/11/2024 10:27:11 პოლიტიკა
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარის ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, ორგანიზაციის ყველა საარჩევნო დავა ერთ საქმედ გაერთიანდა.
მისივე ცნობით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებული საქმეების განხილვა ხვალ, 6 ნოემბერს ჩაინიშნა.
„თბილისის სააპელაციო სასამართლოში ჩვენი საარჩევნო დავებიც გაერთიანდა ერთ საქმედ. სხდომა გადაიდო ხვალ, 14:00 საათზე.
ქუთაისის სააპელაციო ასევე ერთ საქმედ გაერთიანებულად იხილავს - დღეს, 16:00 საათზე იწყებს განხილვას“, - წერს ქურდოვანიძე სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ 4 ნოემბერს თეთრიწყაროს სასამართლომ ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა. კერძოდ, მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ " ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" შესაბამისი სარჩელი დააკმაყოფილა.


