დაღესტანზე პირველად განხორციელდა დრონებით იერიში

06-11-2024 13:17:57 კავკასია

დაღესტანში, მაჰაჩყალის აეროპორტმა მუშაობა გაურკვეველი ვადით შეაჩერა დრონებით განხორციელებული იერიშის გამო - ამის შესახებ აეროპორტის დირექტორმა საიდ რამაზანოვმა განაცხადა.

მანამდე დაღესტნის რესპუბლიკის ხელმძღვანელი სერგეი მელიკოვი იუწყებოდა, რომ ქალაქ კასპიისკის თავზე საჰაერო თავდაცვის ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. დაღესტნის ტერიტორიაზე ეს პირველი შეტევაა დრონებით უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ.

Baza წერს, რომ დრონებით განხორციელებული შეტევის გამო მაჰაჩყალის აეროპორტში სამი რეისის გაფრენა შეაჩერეს.

კასპიისკში განლაგებულია რუსეთის კასპიის ზღვის ფლოტის სამხედრო-საზღვაო ბაზა. ქალაქი კასპიის ზღვის ნაპირზე მდებარეობს, მაჰაჩყალიდან 20-მდე კილომეტრის მოშორებით. კასპიისკიდან უკრაინის მიერ კონტროლირებულ უახლოეს ტერიტორიამდე მანძილი ათას კილომეტრზე მეტია.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კომენტარი არ გაუკეთებია.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები