06-11-2024 14:39:18 პოლიტიკა ,საზოგადოება ,ეს საინტერესოა
სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მალევე სოციალური მედიის პლატფორმებზე – "ფეისბუქსა" და "ტიკტოკზე" – მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას წინააღმდეგ მადისკრედიტებელი გზავნილების გავრცელება დაიწყო,- იტყობინება ISFED.
ორგანიზაციის დაკვირვებით, კამპანიაში ჩართული იყვნენ პროსახელისუფლებო მედიასაშუალებები (იმედი, Info9, ნიუსჰაბი, POSTV), ანონიმურად მოქმედი ანტიოპოზიციური გვერდები და ანგარიშები (ბრძენი კრიტიკოსი, სიმართლის დროა, რეალობა, მიხეილ განუბაჟებელი, პოლიტიკოსები 1 ლარიდან, @gigaiberieli, @newswavebuzz), პროსახელისუფლებო აქტორები და ექსპერტებად პოზიციონირებადი პირები.
ორგანიზაცია ხაზს უსვამს, რომ "პოსტები" დროის მცირე შუალედში, იდენტური გზავნილებით გავრცელდა.
ორგანიზაციის ცნობით, ვლადიმერ ხუჭუას ბრალს ოპოზიციის მიმართ მიკერძოებაში სდებდნენ და მიუთითებდნენ, რომ მისი ცოლი ოპოზიციის მხარდამჭერია. პროსახელისუფლებო აქტორები სოციალურ მედიაში ხუჭუას ცოლს „რადიკალური ოპოზიციის აქტივისტად“ მოიხსენიებდნენ და აღნიშნავდნენ, რომ ხუჭუამ სწორედ მისი გავლენით მიიღო გადაწყვეტილება. მადისკრედიტირებელი შინაარსის პირველი პოსტი გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მალევე ტელეკომპანია „იმედმა” გამოაქვეყნა და დაარეკლამა.
ორგანიზაცია მიუთითებს, რომ „იმედთან“ ერთად, მსგავს ნარატივებს „POSTV-ის“ გვერდები, ანონიმურად მოქმედი ანტიოპოზიციური გვერდები და ტიკტოკ ანგარიშებიც ავრცელებდნენ. აღსანიშნავია, რომ „POSTV – ანალიტიკის“ გვერდმა და ანონიმურმა ანტიოპოზიციურმა ანგარიშებმა ერთი და იგივე ვიდეო დროის მცირე მონაკვეთში გამოაქვეყნეს. ამასთანავე, დისკრედიტაციის მიზნით, „POSTV – ახალი ამბების“ გვერდზე მიუთითებდნენ, რომ იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის, დროს ხუჭუა პროკურორი იყო.
ორგანიზაციის დაკვირვებით, მოსამართლის გადაწყვეტილებას გამოეხმაურნენ პროსახელისუფლებო აქტორებიც, მათ შორის, ანტიდასავლური მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრები და ექსპერტებად პოზიციონირებადი პირები. ისინი, მოსამართლის გადაწყვეტილების დისკრედიტაციის მიზნით, ავრცელებდნენ გზავნილს, რომ აღნიშნული ქმედება „რადიკალური ოპოზიციის“ დავალება იყო. ფეისბუქზე „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ლიდერმა, ვატო შაქარიშვილმა, გაავრცელა სტატუსი, რომელშიც გადაწყვეტილების ინიციატორად დასავლეთი იყო წარმოჩენილი. აღნიშნული განცხადება „Sputnik საქართველოს“ ტელეგრამ არხზეც გავრცელდა.
როგორც ორგანიზაცია მიუთითებს, გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ მოსამართლის დისკრედიტაციის მიზნით გავრცელდა ვიდეოც, რომელშიც ხუჭუას ცოლი 2023 წლის მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე საუბრობდა. აღნიშნული ვიდეო პროსახელისუფლებო მედიასაშუალებამ, „ნიუსჰაბმა“, დაარეკლამა.
"პოსტების ნაწილი სიძულვილის ენის შემცველი იყო. მათ შორის, ვრცელდებოდა სექსისტური და შეურაცხმყოფელი, გზავნილები. გამოქვეყნებულ პოსტებში, ძირითადად, მითითებული იყო, რომ თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილებაზე მისმა ცოლმა მოახდინა გავლენა. ამასთანავე, მედიასაშუალებამ „POSTV“ ხუჭუას ოჯახის შესახებ ჰომოფობიური შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა".
4 ნოემბერს თეთრიწყაროს სასამართლოს მოსამართლემ ვლადიმერ ხუჭუამ ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სარჩელი დააკმაყოფილა.