06-11-2024 20:56:05 პოლიტიკა
"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" (საია) თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით წალკისა და თეთრიწყაროს საოლქო საარჩევნო კომისიების სააპელაციო საჩივარს ავრცელებს.
საიას ცნობით, აპელანტები გადაწყვეტილების გაუქმებასთან ერთად ითხოვენ საოლქო საარჩევნო კომისიებიდან გამოთხოვილი ბიულეტენებისა და სხვა მტკიცებულებების საქმიდან ამოღებას, რომლებიც სასამართლომ საქმის განხილვისას გამოიკვლია.
„განსაკუთრებულ საყურადღებოა ის ფაქტი, რომ საჩივარში სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების ერთ-ერთ საფუძვლად მითითებულია მოსამართლის მეუღლის პირადი მოსაზრებები საარჩევნო სუბიექტებთან დაკავშირებით, რაც აპელანტების აზრით, შესაძლოა გადაწყვეტილების ობიექტურობას ეჭვქვეშ აყენებდეს”, - ნათქვამია საიას განცხადებაში.
საია სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ინფორმაციას თან ურთავს სააპელაციო საჩივარს, რომლის ნახვაც შესაძლებელია ბმულზე.