06-11-2024 21:55:22 საზოგადოება ,სამართალი
"საერთაშორისო გამჭვირვალობის" თავმჯდომარე ეკა გიგაური წერს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ დიმიტრი გვრიტიშვილმა თავად ჩაატარა ექსპერიმენტი, რათა დაადგინა, იყო თუ არა არჩევნების დროს ხმის მიცემა ფარული.
"თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე გვრიტიშვილმა გადაწყვიტა თავად ჩაატაროს ექსპერიმენტი და დადგინოს იყო თუ არა არჩევნების დროს ხმის მიცემა ფარული და გაჟონა თუ არა ბიულეტენმა. ჩვენი იურისტები ექსპერიმენტს არ მიაკარეს,ცესკოს როგორც სურდა ექსპერიმენტი ისე ჩაატარეს. მასში ცესკოს ორი თანამშრომელი მონაწილეობდა. ცესკოს თანამშრომელი ფრთხილად ცდილობს ქაღალდის შეცურებას , რამდენჯერმე ლამის კონვერტიც გააყოლა ისე მიაბჯინა ის კონვერტი აპარატს რომ არაფერი გამოჩენილიყო. შემდეგ იურისტებმა მოითხოვეს მოსამართლეს თავად შეეცურებინა კონვერტი. მოსამართლე მივიდა, მოიმარჯვა ფურცელი და ჰოი საოცრება, გამოჩნდა შავი წერტილი ….. მოკლედ ამაბავი ისაა, რომ ამჯერადაც არაფერი გამოუვიდათ, ის საბედისწერო შავი წერტილი მაინც გამოჩნდა, თუმცა მიუხედავად ამისა აბა გამოიცანით რა დაინახა მოსამართლე გვრიტიშვილმა …. სავარუდოდ არაფერი … ვნახოთ …ვიდეო არ გადაგვაღებინეს", - წერს გიგაური სოციალურ ქსელში.
თბილისის სააპელაციოში საპარლამენტო არჩევნებზე სააპელაციო სარჩელების განხილვა გრძელდება.
4 ნოემბერს თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ვლადიმერ ხუჭუამ არჩევნებზე ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა, რითაც ორგანიზაცია "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" სარჩელი დაკმაყოფილდა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, წალკისა და თეთრიწყაროს ოლქებში შემავალი რამდენიმე ელექტრონული უბნის შედეგები გაბათილდა.
ვლადიმერ ხუჭუამ თქვა, რომ წალკის საოლქო კომისიასთან მიმართებით, სასამართლომ დააადგინა, რომ "იყო უმძიმესი დარღვევები", როგორიცაა საჩივრის არგატარება შესაბამისი წესით, დადასტურდა, რომ იყო გარკვეული სახის მანიპულაციები, გარკვეული ხელშეშლა დამკვირვებლებზე:
"სასამართლოს ცალსახად მიაჩნია, რომ ამგვარი დამოკიდებულება საარჩევნო პროცესზე არ არის თავისუფალი, შესაბამისად, შედეგები უნდა იქნას ბათილად ცნობილი".
დღევანდელ სხდომაზე განიხილება საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ წარდგენილი საჩივარიც, რომელიც შეეხება თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. საარჩევნო ადმინისტრაცია დღევანდელ სააპელაციო სხდომაზე სწორედ ამ გადაწყვეტილებას ასაჩივრებს.
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგებით, პირველ ადგილზე ხმების 50%-ზე მეტით მმართველი პარტია „ქართული ოცნებაა“. 5%-იანი ბარიერი გადალახა ოთხმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ.
ოფიციალური წინასწარი მონაცემები ასე გამოიყურება:
„ქართული ოცნება“ - 53,931%;
"კოალიცია ცვლილებისთვის" - 11,035%;
"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" - 10,167%;
"ძლიერი საქართველო" - 8,81%;
"გახარია საქართველოსთვის" - 7,768%.
ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგი გაყალბებულად გამოაცხადეს, არ აღიარეს და მოითხოვეს ახალი არჩევნები, რომელსაც საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია ჩაატარებს.