
ქურდოვანიძე: სააპელაციოში ექსპერიმენტის დროს ერთ-ერთმა მოსამართლემ შეაცურა ბიულეტენი და ყველამ, მათ შორის, გვრიტიშვილმაც დაინახა, რომ მასზე ჩანდა გაფერადებული წრე, თუმცა ამას არ აღიარებს
06/11/2024 18:46:53 სამართალი, საზოგადოება
ერთ-ერთმა მოსამართლემ შეაცურა ბიულეტენი და ყველამ, მათ შორის, დიმიტრი გვრიტიშვილმაც დაინახა, რომ მასზე ჩანდა გაფერადებული წრე, თუმცა, ის ამას არ აღიარებს, - ამის შესახებ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე სხდომას ეხმაურება.
მისი თქმით, სააპელაციო სარჩელის განხილვისას ექსპერიმენტის ჩატარებისას „ცესკოს დახელოვნებულმა სპეციალისტმა“, ბიულეტენი მოათავსა ყუთში იმგვარად, რაც აცდენილი იყო იმ სწავლებასთან, რასაც ცესკო არჩევნებამდე იყენებდა.
„სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა ფარულობის უფლების დარღვევაზე გრძელდება. საყურადღებოა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გუშინ გამართულ სხდომაზე უკვე დასრულებული აქვს საქმის განხილვა, თუმცა, გადაწყვეტილებას არ აცხადებს. ბოლო მონაცემებით, 18:00 საათზე უნდა გამოეცხადებინა, თუმცა, არ აცხადებს. სავარაუდოდ, ელოდებიან რას გადაწყვეტს თბილისის სააპელაციო სასამართლო.
რაც შეეხება თბილისში მიმდინარე სხდომას. აღმოსავლეთ საქართველოს ყველა ოლქი წარმოდგენილია ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის მიერ.
სხდომის დასაწყისში, ცესკოს იურისტებმა თეთრიწყაროში საიას მიერ მოგებული საქმის გაბათილების მიზნით პროცედურების დარღვევით დააყენეს საკითხი, რომ თეთრიწყაროს მოსამართლე არ იყო უფლებამოსილი განეხილა ეს საქმე, რადგან მისი ცოლი facebook-ზე კრიტიკულ პოსტებს წერს. ცოლის მიერ გაკეთებული განცხადებები არ შეიძლება მოსამართლის აცილების საფუძველი იყოს. გარდა შინაარსობრივი დაუსაბუთებლობისა, პროცედურულადაც არასწორია ამ საკითხის სააპელაციო სასამართლოში დაყენება, რადგან მათ მოსამართლის აცილება პირველი ინსტანციის სასამართლოში არ დაუყენებიათ.
ეს კარგად იცის ცესკოს იურიდიულმა დეპარტამენტმა, თუმცა, ამ სისულელის დაყენება მათ დასჭირდათ იმისთვის, რომ სააპელაციო სასამართლოსთვის მიეცათ სამართლებრივი ბერკეტი, ეთქვა, რომ რადგან მხარე მოსამართლის ობიექტურობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, მის მიერ ჩატარებული ექსპერიმენტიც ხელახლა უნდა ჩატარდეს.
სასამართლო განსაკუთრებული მონდომებით ეცადა, რომ ექსპერიმენტი ხელოვნური შეზღუდვებით ჩაეტარებინა და ჩაატარებინა ცესკოს დახელოვნებულ სპეციალისტებს, ანუ იმ ხალხს, ვინც სხვას ასწავლის ბიულეტენის აპარატში მოთავსებას. გარდა ამისა, მან ბიულეტენი მოათავსა ყუთში იმგვარად, რაც აცდენილი იყო იმ სწავლებასთან, რასაც ცესკო არჩევნებამდე იყენებდა.
ამის შემდგომ, ერთ-ერთმა მოსამართლემ შეაცურა ბიულეტენი და ყველამ, მათ შორის, დიმიტრი გვრიტიშვილმაც დაინახა, რომ მასზე ჩანდა გაფერადებული წრე. თუმცა, ის ამას არ აღიარებს. სხდომა გრძელდება“, - წერს ქურდოვანიძე.
ცნობისთვის: თბილისის სააპელაციოში საპარლამენტო არჩევნებზე სააპელაციო სარჩელების განხილვა გრძელდება.
4 ნოემბერს თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ვლადიმერ ხუჭუამ არჩევნებზე ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა, რითაც ორგანიზაცია "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" სარჩელი დაკმაყოფილდა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, წალკისა და თეთრიწყაროს ოლქებში შემავალი რამდენიმე ელექტრონული უბნის შედეგები გაბათილდა.
ვლადიმერ ხუჭუამ თქვა, რომ წალკის საოლქო კომისიასთან მიმართებით, სასამართლომ დააადგინა, რომ "იყო უმძიმესი დარღვევები", როგორიცაა საჩივრის არგატარება შესაბამისი წესით, დადასტურდა, რომ იყო გარკვეული სახის მანიპულაციები, გარკვეული ხელშეშლა დამკვირვებლებზე:
"სასამართლოს ცალსახად მიაჩნია, რომ ამგვარი დამოკიდებულება საარჩევნო პროცესზე არ არის თავისუფალი, შესაბამისად, შედეგები უნდა იქნას ბათილად ცნობილი".
დღევანდელ სხდომაზე განიხილება საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ წარდგენილი საჩივარიც, რომელიც შეეხება თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. საარჩევნო ადმინისტრაცია დღევანდელ სააპელაციო სხდომაზე სწორედ ამ გადაწყვეტილებას ასაჩივრებს.
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგებით, პირველ ადგილზე ხმების 50%-ზე მეტით მმართველი პარტია „ქართული ოცნებაა“. 5%-იანი ბარიერი გადალახა ოთხმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ.
ოფიციალური წინასწარი მონაცემები ასე გამოიყურება:
„ქართული ოცნება“ - 53,931%;
"კოალიცია ცვლილებისთვის" - 11,035%;
"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" - 10,167%;
"ძლიერი საქართველო" - 8,81%;
"გახარია საქართველოსთვის" - 7,768%.
ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგი გაყალბებულად გამოაცხადეს, არ აღიარეს და მოითხოვეს ახალი არჩევნები, რომელსაც საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია ჩაატარებს.