ჰარისმა ტრამპს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

06-11-2024 23:12:44 მსოფლიო

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი საპრეზიდენტო არჩვენებში მის მეტოქეს დონალდ ტრამპს ტელეფონით ესაუბრა და 2024 წლის გამარჯვება მიულოცა, – იუწყება CNN.

"საუბრისას ჰარისმა ხაზი გაუსვა ძალაუფლებისა და პრეზიდენტის თანამდებობის მშვიდობიან გადაცემის მნიშვნელობას ყველა ამერიკელისათვის", - განაცხადა ჰარისის წარმომადგენელმა.

დონალდ ტრამპი აშშ–ის პრეზიდენტი გახდა.

პარალელურად, "რესპუბლიკურმა პარტიამ" დასავლეთ ვირჯინიის და ოჰაიოს შტატებიდან მოპოვებული ადგილების შედეგად სენატში უმრავლესობა დაიბრუნა.

წინასწარი მონაცემებით, "რესპუბლიკურ პარტიას" 100-წევრიან სენატში 52 წარმომადგენელი ეყოლება. დღეს სენატის უმრავლესობაში დემოკრატები არიან.

რაც შეეხება წარმომადგენელთა პალატას, წინასწარი შედეგებით 435-წევრიან პალატაში რესპუბლიკელები ლიდერობენ. უმრავლესობის მოსაპოვებლად, სულ მცირე, 218 მანდატია საჭირო.CNN-ის ცნობით, ამ დროისთვის [თბილისის დროით 23:15სთ] დემოკრატებს 188, ხოლო რესპუბლიკელებს 207 წარმომადგენელი ჰყავთ.

78 წლის მილიარდერი ბიზნესმენი დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტი იყო 2017 წლის 20 იანვრიდან 2021 წლის 20 იანვრამდე პერიდში. 2020 წლის ნოემბრის არჩევნებში მეორე ვადით კენჭისყრისას ტრამპი დამარცხდა დემოკრატ ჯო ბაიდენთან, თუმცა მარცხს არ აღიარებდა და აცხადებდა, რომ არჩევნები გაყალბდა. 2021 წლის 6 იანვარს ჯო ბაიდენის ინაუგურაციამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე, დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ და მოითხოვდნენ, რომ კონგრესს არ ეღიარებინა საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება. მასობრივი არეულობების შედეგად დაიღუპა ხუთი ადამიანი, მათ შორის პოლიციელი. კაპიტოლიუმზე თავდასხმის გამო ბრალდებულია 1000-ზე მეტი პირი. საქმე აღძრულია ტრამპის წინააღმდეგაც.

.

News

Other news