
პრეზიდენტმა ელჩებთან პოლიტიკური დიალოგის განახლების გზები განიხილა
12/02/2020 09:19:52 საშინაო პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ელჩებთან პოლიტიკური დიალოგის განახლების გზები განიხილა.
"“საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატების განცხადებებს პოლიტიკურ ოპონენტებს შორის დიალოგის გაგრძელების თაობაზე და დაუკავშირდება დიალოგის ფასილიტატორ ელჩებს, რათა მათთან ერთად განიხილოს, რა შეიძლება იყოს პრეზიდენტის ჩართულობა ამ დიალოგის განახლებისათვის", – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის: მას შემდეგ, რაც უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა ე.წ ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ სცნო და 3 წლით პატიმრობა შეუფარდა, ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით დიალოგი ჩაიშალა.
აღნიშნულით უზენაესმა სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ბრალმდებელი აცხადებდა, რომ გიგი უგულავამ თბილისის განვითარების ფონდიდან თანხები გაფლანგა.
აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ გიგი უგულავა დამნაშავედ სცნო არა თანხების გაფლანგვაში, არამედ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში და მას 1 წლისა და სამი თვის ვადით პატიმრობა შეუფარდა, თუმცა ეს სასჯელი სხვა საქმეზე დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა. სწორედ ეს გადაწყვეტილება შეცვალა უზენაესმა სასამართლომ.
ე.წ. ფონდის საქმეზე სასამართლომ გადაწყვეტილება ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაცხადა.