
საგარეო: საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა მოლაპარაკების უმთავრესი საკითხის განხილვის დაწყებისთანავე ტრადიციულად დატოვეს მოლაპარაკებების მაგიდა
07/11/2024 07:22:19 კონფლიქტები, პოლიტიკა
2024 წლის 5-6 ნოემბერს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 62-ე რაუნდი გაიმართა.
მოლაპარაკებები იმართება ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს თანათავმჯდომარეობით და საქართველოს, რუსეთის ფედერაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობით.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ქართულმა დელეგაციამ აქცენტი რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობასა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლებში დაბრუნების თემებზე გააკეთა.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, მოლაპარაკებებზე საქართველოს დელეგაციამ ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით შექმნილ მძიმე ვითარებასა და საოკუპაციო რეჟიმების დესტრუქციული ქმედებებზე.
"სამწუხაროა, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა, მოლაპარაკების უმთავრესი საკითხის განხილვის დაწყებისთანავე, რომელიც შეეხება ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნებას, ტრადიციულად დატოვეს მოლაპარაკებების მაგიდა", - აღნიშნულია განცხადებაში.
რუსეთის საგარეოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ 5-6 ნოემბრის შეხვედრაზე, რუსულმა მხარემ, შერიგებაზე თბილისიდან გაჟღერებული სიგნალების, პრაქტიკაში განხორციელების აუცილებლობაზე ისაუბრა. მოსკოვი აღნიშნავს, რომ ხელმოწერა მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც, სწორედ საქართველოს მთავრობა აღიარებს, რომ კონკრეტულ პოლიტიკურ ძალებს აფხაზეთსა და ცხინვალში "მეორე ფრონტის" გახსნა სურთ. ამასთან, საქართველოს კონსტიტუციაში არსებული პრინციპების გამო, რაც ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანებას ითვალისწინებს, ეს შეთანხმებები მნიშვნელოვანია.
"რაც შეეხება "ადგილზე" უსაფრთხოების მდგომარეობას. დისკუსიის მონაწილეთა უმრავლესობის აზრით, ის ზოგადად შედარებით მშვიდია. სასაზღვრო ზონაში სტაბილურობა დიდწილად, შეიძლება, უზრუნველყოფილი იყოს საერთაშორისო დისკუსიების ეგიდით შექმნილი ურთიერთქმედების არხების სტაბილური ფუნქციონირებით. გაეროს გენერალური ასამბლეის უკიდურესად პოლიტიზებული რეზოლუცია "იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა შესახებ", რჩება "დაბრკოლებად" ჰუმანიტარულ გზაზე", - აღნიშნულია განცხადებაში.
ამასთან, მათივე ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო სოხუმისა და ცხინვალის წარმომადგენლებისთვის გაერო-ში წვდომის არ არსებობასა და აფხაზებისთვის ე.წ. საგარეო პასპორტებით უცხოეთში გადაადგილების აკრძალვას. აფხაზები ითხოვენ, ე.წ. პასპორტით, აფხაზებს მიმოსვლის საშუალება მიეცეთ.
"ევროკავშირის არალეგალური, ანტირუსული სანქციების ყველა პაკეტში შეერთების შედეგად, შვეიცარიის ნეიტრალური სტატუსის ფაქტობრივი დაკარგვის გათვალისწინებით, რუსეთის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დელეგაციებმა კვლავ პროაქტიურად წამოჭრეს ჟენევიდან მოლაპარაკებების გადატანის საკითხი. მოსკოვი, თავისი მოკავშირეების მუდმივი მხარდაჭერით, აპირებს გააგრძელოს ძალისხმევა ამ ფუნდამენტურ საკითხზე კონსენსუსის მისაღწევად", - აღნიშნულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე შეიქმნა. მის მთავარ განსახილველ საკითხებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულება, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება, რუსეთის ოკუპაციის შედეგად შექმნილი უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული პრობლემები წარმოადგენს. მოლაპარაკებები ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს თანათავმჯდომარეობით და საქართველოს, რუსეთის ფედერაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობით იმართება. მასში დე ფაქტო მთავრობების წარმომადგენლებიც მონაწილეობენ.