
აშშ ირანს აფრთხილებს
31/05/2019 05:03:58 სხვა, მსოფლიო
აშშ სამხედრო ძალით უპასუხებს, თუ თეირანი მის ინტერესებს თავს დაესხმება, – ამის შესახებ ირანის საკითხებში აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა ბრაიან ჰუკმა განაცხადა და დასძინა, რომ ვაშინგტონის მიერ გადადგმული ნაბიჯებს რეგიონში „შემაკავებელი ეფექტი აქვს.

მისი თქმით, "ირანზე მაქსიმალური ზეწოლა მუშაობს".
ბრაიან ჰუკმა ეს განაცხადა 30 მაისს, როცა საუდის არაბეთმა მოუწოდა არაბულ სახელმწიფოებს, წინ აღუდგნენ სპარსეთის ყურეში ამასწინანდელ თავდასხმებს ყველა შესაძლო ძალით, რაშიც აშშ და საუდის არაბეთი ირანს ადანაშაულებენ. თავად ირანი ინციდენტთან კავშირს უარყოფს.
საუდის არაბეთის სამეფოს ლიდერები ამზადებენ სუნიტი არაბული ქვეყნების საგანგებო სამიტს მექაში, რათა იმსჯელონ ნავთობის ტანკერების საბოტაჟზე არაბთა საამიროების სანაპიროსთან და საუდის არაბეთის სანავთობო ობიექტზე უპილოტო საფრენი აპარატით თავდასხმის ფაქტზე, რაც იემენის ჰუთის მიმდევარ მეამბოხეებს ბრალდებათ.
ცნობისთვის: ირანსა და აშშ-ს შორის ურთიერთობა მას შემდეგ გამწვავდა, რაც ვაშინგტონმა 2015 წლის ბირთვული შეთანხმება დატოვა და ირანს კვლავ სანქციები დაუწესა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ აშშ-ს ბრალად „აგრესიული ქცევა“ დასდო.