
სამოქალაქო ორგანიზაცია საპროტესტო ბანერისთვის ამჯერად 3 000 ლარით დააჯარიმეს
07/11/2024 09:34:50 საზოგადოება
სადამკვირვებლო კოალიციის "ჩემი ხმის" წევრი ორგანიზაციის - "სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის" ცნობით, ოფისის აივანზე ჩამოკიდებული საპროტესტო ტრანსფარანტის გამო, მუნიციპალურმა ინსპექციამ ორგანიზაცია 3 000 ლარით დააჯარიმა. ეს უკვე მეორე ჯარიმაა.
"მუნიციპალურმა ინსპექციამ განმეორებით, 3 000 ლარით დაგვაჯარიმა. ჯიუტად გვიმტკიცებენ, რომ ჩვენი საპროტესტო ბანერი, რომელიც გამოფენილია ჩვენს აივანზე, არის რეკლამა. კითხვაზე, რისი რეაკლამაა? ცხადია, პასუხი არ აქვთ",- თქვა ორგანიზაციის ერთ-ერთმა დამფუძნებლმა ოთარ რევიშვილმა.
ორგანიზაციის ოფისში მუნიციპალური ინსპექცია პირველად 5 ნოემბერს შევიდა. მაშინ ოთარ რევიშვილი ამბობდა, რომ სამოქალაქო მოძრაობა "უკანონო რეკლამის განთავსების" საფუძველზე 1 500 ლარით დააჯარიმეს.
ოზურგეთში, ორგანიზაციის ოფისის აივანზე გამოფენილ ბანერზე თავდაპირველად ეწერა "რუსულმა ოცნებამ არჩევნები მოიპარა!". მუნიციპალური ინსპექციის ოფისში შესვლის შემდეგ მას მიემატა "არა რეპრესიებს!".