
საია: სააპელაციოს სხდომა ვერ იცავს სამართლიანი სასამართლოს უფლებით გარანტირებულ პროცედურულ სამართლიანობას
07/11/2024 09:30:58 პოლიტიკა, სამართალი, საზოგადოება
'საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" (საია) თბილისის სააპელაციო სასამართლოში ჩატარებულ 22 საათიან პროცესს ეხმიანება და აცხადებს, რომ "სხდომა ვერ იცავს სამართლიანი სასამართლოს უფლებით გარანტირებულ პროცედურულ სამართლიანობას".
ორგაიზაციის ცნობით, "დარღვეულია კანონმდებლობით დადგენილი ვადებიც, რადგან გადაწყვეტილებების მიღება არაუგვიანეს გუშინ, ღამის 12:00 საათამდე უნდა მომხდარიყო".
"თბილისის სააპელაციო სასამართლოში უკვე 22 უწყვეტი საათია მიმდინარეობს პროცესი, რომლის ფარგლებშიც 26 საქმე გაერთიანებულად განიხილება.
ამ საქმეთა შორის გაერთიანებულია საიას 12 საქმე, რომელიც აღმოსავლეთ საქართველოს ყველა, 1293, ტექნოლოგიური უბნის ბათილობას ეხება. სასამართლომ არ დააკმაყოფილა საიას მოთხოვნა საქმეთა გაყოფის თაობაზე.
სამართლიანი სასამართლოს უფლების ძირითადი კონსტიტუციური პრინციპია, რომ სამართალწარმოება უნდა წარიმართოს გონივრულ ვადებში, რაც უზრუნველყოფს პროცედურული სამართლიანობის უზრუნველყოფას. გონივრული ვადა მიემართება, როგორც საქმის განხილვის სრულ დროს, ისე საქმის განხილვის სხდომის დროს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიმდინარე სხდომა, რომელიც ახლა 22 უწყვეტ საათს აჭარბებს, ვერ იცავს სამართლიანი სასამართლოს უფლებით გარანტირებულ პროცედურულ სამართლიანობას.
გარდა ამისა, დარღვეულია კანონმდებლობით დადგენილი ვადები, რადგან გადაწყვეტილებების მიღება არაუგვიანეს გუშინ, ღამის 12:00 საათამდე უნდა მომხდარიყო.
სასამართლო პროცესის ამგვარი წარმართვა ვერ აკმაყოფილებს როგორც შიდა ეროვნულ, ისე ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის (ECHR, ICCPR) სტანდარტებს, რითიც ირღვევა სამართლიანი სასამართლოს ფუნდამენტური უფლება.
უფლების დაცვის ეფექტიანი საშუალების არ ქონა კი, პირდაპირ გავლენას ახდენს სადავო უფლების, ამ შემთხვევაში, საარჩევნო უფლების დაცვაზე, რითიც ამ უფლების ეროვნულ დონეზე დაცულობის არსს არარად აქცევს.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული საქმეების გაერთიანების გადაწყვეტილება სასამართლომ გუშინ მიიღო. სავარაუდოდ იმ მიზნით, რომ თავიდან აეცილებინა რომელიმე მოსამართლის მიერ სასამართლო კლანისაგან დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღება", ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისთვის: სასამართლო რამდენიმე წუთის წინ დასრულდა და მოსამართლეთა კოლეგია სათათბიროდ გავიდა.
საია არჩევნებზე ხმის ფარულობის მასობრივად დარღვევის თაობაზე სასამართლოებში დავობს. ერთადერთი სახელმწიფო ორგანო, რომელმაც ხმის ფარულობის დარღვევა დაადგინა, თეთრიწყაროს სასამართლოა. ამჟამად გადაწყვეტილება ცესკოს მიერ არის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებული. სასამართლომ 26 საარჩევნო საქმე გააერთიანა და განხილვა სამი მოსამართლისგან შემდგარმა კოლეგიამ დაიწყო. კოლეგიის ერთ-ერთი წევრი დიმიტრი გვრიტიშვილია, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები ე. წ. სასამართლო კლანის ნაწილად მოიხსენიებენ. დააყენეს მისი აცილების შუამდგომლობა, თუმცა არ დაკმაყოფილდა. განხილვა მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.