
გერმანიის კოალიციური მთავრობა დაიშალა
07/11/2024 10:52:54 მსოფლიო
გერმანიის კოალიციური მთავრობა დაიშალა.
გერმანიის მმართველ კოალიციას დაშლის საფრთხე მას შემდეგ დაემუქრა, რაც კვირის დასაწყისში ფინანსთა მინისტრმა კრისტიან ლინდნერმა კაბინეტის სხდომაზე, რომელიც ფინანსურ საკითხებს მიეძღვნა, უარყო კანცლერ ოლაფ შოლცის წინადადება ახალი სამთავრობო სესხებით 2025 წლის ბიუჯეტის დაფინანსების აუცილებლობაზე.
გერმანიის ფინანსთა მინისტრმა და "თავისუფალი დემოკრატიული პარტიის" (FDP) თავმჯდომარემ კრისტიან ლინდნერმა კოალიციის პარტნიორებს შესთავაზა, დასთანხმებოდნენ 2025 წლის იანვარში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას. ამ შემთხვევაში ის მზად იყო, მიეღო გერმანიის დამატებითი ბიუჯეტი 2024 წლისთვის და საპარლამენტო არჩევნებამდე დარჩენილიყო გარდამავალი კაბინეტის შემადგენლობაში. ამის საპასუხოდ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ფინანსთა მინისტრ ლინდნერის გადაყენების შესახებ გამოაცხადა.
მედიის ცნობით, დიდი ალბათობით, ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება. წინასწარი გათვლებით, ეს მოხდება არა უადრეს მომავალი წლის მარტისა. შედეგად უნდა შეიქმნას გერმანიის ახალი მთავრობა და აირჩიონ ქვეყნის ახალი კანცლერი.