07-11-2024 16:06:10 პოლიტიკა ,საზოგადოება ,სამართალი
"2 000 000-მა მოქალაქემ დაზუსტებით გაიგო, რომ სასამართლო არ არსებობს - ამ ბრძოლას აუცილებლად ექნება სხვა გაგრძელება", - ამის შესახებ "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ხელმძღვანელი ნონა ქურდოვანიძე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ქურდოვანიძე აღნიშნავს, სააპაელაციო სასამართლომ ამომრჩეველს დააბრალა ის, რომ ხმის ფარულობის უფლება არ იყო დაცული.
„დასრულდა ხმის ფარულობის მასობრივად დარღვევის გამო საიას საქმეების განხილვა. 29 ოქტომბერს, საიამ ყველა ოლქის (73 ოლქი) წინააღმდეგ დაიწყო სამართლებრივი დავა ხმის ფარულობის მასობრივი დარღვევის გამო და მოითხოვა ყველა ტექნოლოგიური უბნის შედეგების ბათილად ცნობა. ასეთია 2263 უბანი. ჩვენმა საქმემ მოიარა საქართველოში არსებული ყველა საქალაქო/რაიონული სასამართლო. ასეთი სულ 24 სასამართლოა და ორივე სააპელაციო სასამართლო.
სააპელაციო სასამართლოებმა გამოიტანეს საბოლოო გადაწყვეტილებები. სასამართლოებმა თქვეს, რომ ის, რაც საკუთარი გამოცდილებით იცის დაახლოებით 2 000 000-მა მოქალაქემ, სინამდვილეში არ მომხდარა. მიუხედავად იმისა, რომ ბიულეტენების მეორე მხარეს რჩებოდა მარკერის კვალი (რაც არ უნდა დარჩენილიყო), ამომრჩეველი სათანადოდ მოხერხებული რომ ყოფილიყო, შეძლებდა ბიულეტენის მეორე მხარეს დატოვებული კვალი დაეფარა.
მიუხედავად ამგვარი გადაწყვეტილებისა, ამ საქმეს სხვა შედეგები აქვს:
ვუსვამთ კითხვას საკუთარ თავს:
იყო თუ არა ამ სტრატეგიით დავა გამართლებული?
რა მიიღო ამომრჩეველმა ამით?
დაუბრუნა ამომრჩეველს საარჩევნო უფლება?
რა სამართლებრივი გაგრძელება ექნება ამ საქმეს?
დაზუსტებით შეგვიძლია იმის თქმა, რომ ჩვენ ვიცავდით ამომრჩევლის 90%-ის ინტერესებს, რომლის ხმის ფარულობის უფლება დაირღვა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ საქმეზე დავა იყო ჩვენი ვალდებულება. ამ ბრძოლას აუცილებლად ექნება სხვა გაგრძელება.
აქვე მინდა საიას გუნდს საჯაროდაც ვუთხრა მადლობა. სხვადასხვა ფორმით ამ საქმეში ჩართული იყო საიას ყველა თანამშრომელი“,- წერს ქურდოვანიძე.
ცნობისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლომ თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გააუქმა, არასამთავრობოების საჩივრები კი არ დააკმაყოფილა. ამის შესახებ გადაწყვეტილება მოსამართლეთა კოლეგიამ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
სააპელაციო სასამართლო აღნიშნულ საკითხზე "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა" და „ჩემი ხმის“ სარჩელებს თითქმის 24 საათი განიხილავდა.
სასამართლომ საია-ს 12 და კოალიცია "ჩემი ხმის" 14 საქმე გააერთიანა.
საარჩევნო კომისიას უნდოდა, გაუქმებულიყო თეთრიწყაროში ელექტრონულ უბნებზე არჩევნების ხელახლა ჩატარების შესახებ გადაწყვეტილება. არასამთავრობო ორგანიზაციები კი ყველა ელექტრონული უბნების შედეგების გაბათილებას მოითხოვდნენ, რადგან, მათი თქმით, დარღვეული იყო ხმის მიცემის ფარულობა.