საბა ბუაძე პროკურატურაში დაიბარეს

08-11-2024 14:34:27 პოლიტიკა ,სამართალი

კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი საბა ბუაძე არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმეზე პროკურატურაში დაიბარეს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

"დილიდან, ჩემი განწყობის გალამაზებაზე ჩვენი სპეტაკი პროკურატურის წარმომადგენელმა იზრუნა, რომელმაც არჩევნების გაყალბების საქმესთან დაკავშირებით, გამოკითხვაზე დამიბარა. ცხადია, ამ "პატიოსან" მკერავ-პროკურორთა სახლში მისვლას არ ვაპირებ და დაკითხვას მაგისტრი მოსამართლის წინაშე ველოდები.

ამასობაში, ვინმემ თუ მოისმინეთ პროკურატურისგან, რა ნაბიჯები გადაიდგა არჩევნების დღეს დადასტურებულ დანაშაულებრივ შემთხვევებზე?". - წერს ბუაძე.

ამავე საქმის ფარგლებში უკვე გამოჰკითხეს „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურა ჯაფარიძე, კოალიცია „ჩემი ხმის“ წარმომადგენელი ლონდა თოლორაია, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ–ერთი ლიდერი ნათია მეზვრიშვილი და პარტია "ლელოს" ერთ–ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე. ყველა მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოიკითხა.

ცნობისთვის: 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგებით, პირველ ადგილზე ხმების 50%-ზე მეტით მმართველი პარტია „ქართული ოცნებაა“. 5%-იანი ბარიერი გადალახა ოთხმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ.

ოფიციალური წინასწარი მონაცემები ასე გამოიყურება:

„ქართული ოცნება“ - 53,931%;

"კოალიცია ცვლილებისთვის" - 11,035%;

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" - 10,167%;

"ძლიერი საქართველო" - 8,81%;

"გახარია საქართველოსთვის" - 7,768%.

ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგი გაყალბებულად გამოაცხადეს, არ აღიარეს და მოითხოვეს ახალი არჩევნები, რომელსაც საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია ჩაატარებს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები