
კალიფორნია გეგმავს, ტრამპისგან დაიცვას თავისი თავისუფლება
08/11/2024 13:14:59 მსოფლიო
კალიფორნიის გუბერნატორმა გევინ ნიუსომმა გამოაცხადა შტატის საკანონმდებლო ასამბლეის სპეციალური სხდომის მოწვევის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის არჩევის შემდეგ „სამართლებრივი პოზიციების გასაძლიერებლად“.
სპეციალური სესიის თემა იქნება სამოქალაქო უფლებების დაცვა, რეპროდუქციული თავისუფლებები, კლიმატის ცვლილება და მიგრანტთა ოჯახები. სხდომა 2 დეკემბერს იგეგმება.
„თავისუფლებები, რომლებსაც ჩვენ პატივს ვცემთ კალიფორნიაში, საფრთხის ქვეშაა და ჩვენ არ დავსხდებით გულხელდაკრეფილი. კალიფორნია მსგავს პრობლემას ადრეც შეხვდა. ჩვენ ვიცით, როგორ ვუპასუხოთ მას, ”- თქვა ნიუსომმა.
სხდომა მიგრანტებზე კონტროლის გამკაცრების შესახებ ტრამპის განცხადებების შემდეგ დაინიშნა. მოსალოდნელია, რომ სხდომა დააჩქარებს მოქმედებას, რომელიც დაიცავს კალიფორნიას და მის ღირებულებებს პოტენციური ფედერალური ქმედებებისაგან.
კალიფორნიაში ტრამპმა საპრეზიდენტო არჩევნები წააგო - მიიღო ხმების მხოლოდ 39,8%. ტრამპის პირველი საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში კალიფორნიის პროკურატურამ 140-მდე სარჩელი წარადგინა მისი ადმინისტრაციის წინააღმდეგ.