
პოლონეთი: რუსეთის სპეცსამსახურები აშშ-ისა და კანადის რეისებზე გეგმავდნენ აფეთქებებს
08/11/2024 13:56:41 მსოფლიო
რუსეთის სპეცსამსახურები აშშ-სა და კანადის სატვირთო რეისებზე სავარაუდოდ, აფეთქებებს ამზადებდნენ.
როგორც პოლონეთის პროკურატურაში აცხადებენ, რუსული სპეცსამსახურები დგანან პოლონეთში, გერმანიასა და დიდ ბრიტანეთში საკურიერო კომპანია DHL-ის საწყობებში ივლისში მომხდარი დივერსიული ინციდენტების უკან, როდესაც ამანათებს ცეცხლი წაეკიდა. პროკურატურა ვარაუდობს, რომ ეს ამანათები სავარაუდოდ, აშშ-ისა და კანადის რეისებზე უნდა აფეთქებულიყო.
განიმარტა, რომ საუბარია ელექტრომასაჟორებზე, რომლებიც მაგნიუმის ბაზაზე აალებად ნივთიერებას შეიცავდა და ცეცხლის წაკიდების შემთხვევაში, რთულად ჩაქრობადი ხდება.
„შეგროვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ დიდი ალბათობით, ნახსენები დივერსიები იყო რუსული სპეცსამსახურების მიერ ინსპირირებული“, – ხაზს უსვამენ პროკურატურაში და დასძენენ, რომ მიმდინარეობს ინტენსიური ღონისძიებები საერთაშორისო დაჯგუფებაში მონაწილე პირთა გამოსავლენად.
მათი ცნობით, გამოძიების ფარგლებში ამ დროისთვის დაკავებულია უკრაინის ოთხი მოქალაქე, რუსეთის ორ მოქალაქეს კი ეძებენ.
მანამდე მედია წერდა, რომ ამანათები აშშ-ისა და კანადის რეისებზე აფეთქებისთვის იყო გამზადებული.
რუსეთს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.