
უკრაინამ და რუსეთმა დაღუპული მებრძოლების ცხედრები გაცვალეს
08/11/2024 16:03:25 მსოფლიო
უკრაინამ და რუსეთმა დაღუპული სამხედროების ცხედრები გაცვალეს. როგორც უკრაინის სამხედრო ტყვეების საქმეთა საკოორდინაციო შტაბში აცხადებენ, ამ მორიგი გაცვლისას უკრაინამ 563, ხოლო რუსეთმა 37 სამხედროს ცხედარი დაიბრუნა.
დაღუპულთა ვინაობის დასადგენად, სამხედროთა ცხედრები შესაბამის დაწესებულებებს გადაეგზავნება.
აღსანიშნავია, რომ უკრაინელ სამხედროებს შორის 320 სამხედრო დაიღუპა დონეცკის მიმართულებით, 89 - ბახმუტში, ხოლო კიდევ 154 ჯარისკაცის ცხედრები რუსეთში, მორგებში იქნა ნაპოვნი.
2024 წლის მარტის დასაწყისში უკრაინის ომბუდსმენმა დიმიტრი ლუბინეცმა განაცხადა, რომ უკრაინაში 2800-ზე მეტი სამხედროს ცხედრები და ნაშთები იქნა იდენტიფიცირებული. კიდევ რამდენი უკრაინელი ჯარისკაცის ცხედარი რჩება ამოუცნობი უცნობია.
2024 წლის 25 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან პირველად, გამოაცხადა დაღუპული უკრაინელი ჯარისკაცების რაოდენობა - 31 ათასი. მაშინ ზელენსკიმ ასევე თქვა, რომ სანამ ომი გრძელდება, ზუსტად რამდენი დაჭრილი და დაკარგული უკრაინელი სამხედრო ჰყავს ქვეყანას ვერ გაამჟღავნებს.
მოსკოვი ომის დანაკარგებს არ ამხელს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაღუპულთა საერთო რაოდენობა ბოლოს 2022 წლის 21 სექტემბერს გამოაცხადა. მაშინ საუბარი იყო 5 937 დაღუპულზე.