თინა ბოკუჩავა პროკურატურაში დაიბარეს

08-11-2024 22:08:48 პოლიტიკა

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ–ერთი ლიდერი თინა ბოკუჩავა, არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმეზე პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს. ამის შესახებ მან „ტვ პირველის“ ეთერში.

„სერიოზული გამოძიება ამ მასკარადის მოწყობას კი არ გულისხმობს, სერიოზული გამოძიება გულისხმობს საერთაშორისო აქტორების ჩართვას საგამოძიებო პროცესში, სადაც პროკურატურა კი არ მიითვისებს ხმის მიცემის და ვერიფიკაციის აპარატებს, არამედ რეალური, დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი გამოძიება ჩატარდება“, – განაცხადა მან.

ამავე საქმის ფარგლებში უკვე გამოჰკითხეს „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურა ჯაფარიძე, კოალიცია „ჩემი ხმის“ წარმომადგენელი ლონდა თოლორაია, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ–ერთი ლიდერი ნათია მეზვრიშვილი და პარტია "ლელოს" ერთ–ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე. ყველა მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოიკითხა.

ცნობისთვის: 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგებით, პირველ ადგილზე ხმების 50%-ზე მეტით მმართველი პარტია „ქართული ოცნებაა“. 5%-იანი ბარიერი გადალახა ოთხმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ.

ოფიციალური წინასწარი მონაცემები ასე გამოიყურება:

„ქართული ოცნება“ - 53,931%;

"კოალიცია ცვლილებისთვის" - 11,035%;

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" - 10,167%;

"ძლიერი საქართველო" - 8,81%;

"გახარია საქართველოსთვის" - 7,768%.

ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგი გაყალბებულად გამოაცხადეს, არ აღიარეს და მოითხოვეს ახალი არჩევნები, რომელსაც საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია ჩაატარებს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები