09-11-2024 18:30:40 საზოგადოება
თბილისში ოპოზიციური პარტიები საპროტესტო მსვლელობებს მართავენ.
დემონსტრანტების ნაწილი კოალიცია "ძლიერ საქართველოსთან" ერთად მარჯანიშვილის მოედანზე შეიკრიბა, ნაწილი კი - მეტროს სადგურ უნივერსიტეტთან, საიდანაც მსვლელობას "კოალიცია ცვლილებისთვის" უძღვება.
მეტროს სადგურ "მარჯანიშვილის" მიმდებარე ტერიტორიიდან დაწყებულმა მსვლელობამ მტკვრის მარცხენა სანაპიროზე გადაინაცვლა, საიდანაც დემონსტრანტები პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მივიდნენ. პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან შეჩერების შემდეგ საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები რუსთაველის გამზირის გავლით ფილარმონიასთან მივიდნენ.
რაც შეეხება მეორე მსვლელობას, რომელიც მეტროს სადგურ "უნივერსიტეტიდან" დაიძრა, დემონსტრანტები ცოტა ხნით სუს-ის შენობის წინ შეჩერდნენ.
მოგვიანებით, მეტროს სადგურ „მარჯანიშვილიდან" და „სახელმწიფო უნივერსიტეტიდან“ წამოსული საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან გაერთიანდნენ.
გაერთიანებული მსვლელობა გმირთა მოედნის მიმართულებით გადაადგილდება.
მსვლელობის მონაწილეები ამბობენ, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა და ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.
ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგი გაყალბებულად გამოაცხადეს, არ აღიარეს და მოითხოვეს ახალი არჩევნები, რომელსაც ჩაატარებს საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია. ამ არჩევნებზე მოსახლეობის 90-მა პროცენტმა ხმა ელექტრონული სისტემების გამოყენებით მისცა.
საქართველოს პროკურატურამ საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე დაიწყო. ამ საქმეზე გამოკითხვაზე დაიბარეს პრეზიდენტი და ოპოზიციონერი ლიდერებიც.