აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი: ირანის სპეცსამსახურები ტრამპის მკვლელობას ამზადებდნენ

09-11-2024 16:47:20 მსოფლიო

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ცნობით, "ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი" აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპზე თავდასხმას ამზადებდა.

უწყების ვებ–გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, მკვლელობის მცდელობის მომზადების საქმეზე დააკავეს 49 წლის კარლაის "პოპ" რივერა და 36 წლის ჯონათან ლოადჰოლტი. კიდევ ერთი ეჭვმიტანილი – 51 წლის ფარჰად შაკერი შეერთებული შტატების საზღვრების გარეთ სავარაუდოდ, ირანში იმყოფება. ამერიკის ხელისუფლება მას "ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის" (IRGC) აგენტად მოიხსენიებს. სავარაუდოდ, იგი ხელმძღვანელობდა თანამზრახველთა ქსელს, რომელიც რამდენიმე პირის, მათ შორის დონალდ ტრამპის მკვლელობას ამზადებდა.

იუსტიციის დეპარტამენტის ცნობით, ირანის სადაზვერვო სააგენტოებმა შაკერს ნიუ-იორკში ებრაული წარმოშობის ორი ამერიკელი მოქალაქისთვის თვალყურის დევნება და მათი მკვლელობის მომზადება დაავალეს. მასვე უნდა ედევნებინა თვალი ებრაელი ტურისტებისთვის შრი-ლანკაზე. მიმდინარე წლის 7 ოქტომბერს შაკერს სავარაუდოდ, ტრამპის მკვლელობის გეგმის შემუშავება დაევალა.

როგორც იუსტიციის დეპარტამენტი იუწყება, ფარჰად შაკერი წარმოშობით ირანელია, მაგრამ ბავშვობიდან ცხოვრობს შეერთებულ შტატებში. მან ყაჩაღობის ბრალდებით 14-წლიანი სასჯელი მოიხადა, რის შემდეგაც 2008 წელს ქვეყნიდან გააძევეს. ამერიკის ხელისუფლების განცხადებით, იგი რივერასა და ლოადჰოლტს ციხეში შეხვდა, სადაც სამივე მათგანი ირანულმა სპეცსამსახურებმა გადაიბირეს.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა "ქვეყანაში პოლიტიკური მკვლელობების ჩადენის მცდელობის" გამო ბრალი წაუყენა პაკისტანის მოქალაქეს, რომელიც, სავარაუდოდ, ირანს უკავშირდება. FBI-ს გამომძიებლები თვლიან, რომ მისი სამიზნეები შეიძლება, ყოფილიყვნენ დონალდ ტრამპი და სხვა ამჟამინდელი და ყოფილი ამერიკელი ოფიციალური პირები და პოლიტიკოსები.

ცნობისთვის: შეერთებული შტატების ყოფილ და უკვე არჩეულ პრეზიდენტს, რესპუბლიკელ დონალდ ტრამპს 13 ივლისს ესროლეს პენსილვანიის შტატის ქალაქ ბატლერში საარჩევნო მიტინგზე გამოსვლისას. ტყვიამ ტრამპს ყურის ზედა ნაწილი დაუზიანა. სროლისას დაიღუპა მიტინგის ერთი მონაწილე და ორი დაიჭრა. თავდამსხმელი სპეცსამსახურების თანამშრომლებმა მოკლეს. FBI-ს ცნობით, დნმ-ის ტესტის საფუძველზე დადგენილი კვლევის მიხედვით, შეიარაღებული კაცი, რომელმაც ტრამპს ესროლა, 20 წლის ტომას მეთიუ კრუქსია იყო. იგი შემთხვევის ადგილიდან დაახლოებით 70 კილომეტრით დაშორებულ დასახლებაში ცხოვრობდა. რეგისტრაციის მიხედვით, კრუქსი რესპუბლიკელების ამომრჩევლად იყო დარეგისტრირებული, თუმცა ფედერალური კამპანიის ანგარიშების მიხედვით ირკვევა, რომ 2021 წლის 20 იანვარს 15 დოლარი პროგრესული პოლიტიკური ქმედების კომიტეტს გადაურიცხა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები