09-11-2024 14:10:24 საზოგადოება ,რეკლამა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი თურქეთში ოფიციალურ ვიზიტს განაგრძობს. ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მიხეილ სარჯველაძე საერთაშორისო სამიტის ფარგლებში სერბეთის გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციისა და ქალთა ეკონომიკური და პოლიტიკური გაძლიერების მინისტრს, ტატიანა მაკურას შეხვდა.
ორმხრივ შეხვედრაზე მხარეებმა ქალთა გაძლიერებისა და მხარდაჭერისთვის მიმდინარე რეფორმები და ინიციატივები განიხილეს. მინისტრებმა ერთმანეთს ამ მიმართულებით არსებული გამოცდილება გაუზიარეს. იმსჯელეს იმ მნიშვნელოვან პროექტებზეც, რომლებიც საქართველოსა და სერბეთში გენდერული თანასწორობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, აღნიშნული შეხვედრა ხელს შეუწყობს მხარეებს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერებასა და გაღრმავებას. მინისტრთან ერთად ორმხრივ შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს გენერალური კონსული სტამბოლში ალექსანდრე ჯიშკარიანი.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი თურქეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, სადაც ქალთა და სამართლიანობის მეექვსე საერთაშორისო სამიტში მონაწილეობს. ღონისძიების თემა ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში ქალთა გამოწვევები და შესაძლებლობებია.