საპროტესტო აქცია გმირთა მოედანზე საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნებით დასრულდა

09-11-2024 19:48:55 საზოგადოება

სამი კოალიციის – „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის", „ძლიერი საქართველოსა“ და „ცვლილებებისთვის“მიერ ორგანიზებული აქცია გმირთა მოედანზე დასრულდა.

პოლიტიკოსები მხარდამჭერებთან ერთად თბილისში ორ ნაწილად, სხვადასხვა ლოკაციებზე შეიკრიბნენ, საიდანაც მსვლელობა გმირთა მოედნისკენ გამართეს.

ოპოზიციონერი პოლიტიკისების თქმით, “არალეგიტიმურ პარლამენტში შესვლას ოპოზიცია არ აპირებს”.

გმირთა მოედანზე შეკრებილებმა ასევე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს სამშობლოსთვის დაღუპული გმირების ხსოვნას, ბოლოს კი, აქცია საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნებით დასრულდა.

მსვლელობის მონაწილეები ამბობენ, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა და ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.

ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგი გაყალბებულად გამოაცხადეს, არ აღიარეს და მოითხოვეს ახალი არჩევნები, რომელსაც ჩაატარებს საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია. ამ არჩევნებზე მოსახლეობის 90-მა პროცენტმა ხმა ელექტრონული სისტემების გამოყენებით მისცა.

საქართველოს პროკურატურამ საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე დაიწყო. ამ საქმეზე გამოკითხვაზე დაიბარეს პრეზიდენტი და ოპოზიციონერი ლიდერებიც.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები