Accentnews.ge
ოპოზიციის და ევროკავშირის 8 ქვეყნის დელეგაციის წევრების დასრულდა: "საერთაშორისო გამოძიების გარეშე პრაქტიკულად, წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება, გამოვიდეთ ამ ჩიხიდან"

ოპოზიციის და ევროკავშირის 8 ქვეყნის დელეგაციის წევრების დასრულდა: "საერთაშორისო გამოძიების გარეშე პრაქტიკულად, წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება, გამოვიდეთ ამ ჩიხიდან"

11/11/2024 09:51:53 პოლიტიკა

ოპოზიციის ლიდერების და საქართველოში ვიზიტად მყოფი ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების შეხვედრა დასრულდა.

როგორც აუდიენციის შემდეგ „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა განაცხადა, შეხვედრაზე საუბარი იყო ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე, რათა „გამოსავალი ვიპოვოთ, როგორ გამოვიდეს ქვეყანა ამ ჩიხური მდგომარეობიდან“.

"საუბარი იყო ყველა იმ პრობლემაზე, რომლებზეც ეს დღეებია ვსაუბრობთ, იმისთვის, რომ გამოსავალი ვიპოვოთ, როგორ გამოვიდეს ქვეყანა ამ ჩიხური მდგომარეობიდან. მათ შორის, რა თქმა უნდა, იყო საერთაშორისო გამოძიებაზე. ამას აქვს ერთ-ერთი მიზეზი, რომ ქვეყანაში არც ერთ სახელმწიფო ინსტიტუტი არ დატოვა „ქართულმა ოცნებამ“, რომელიც არის დამოუკიდებელი. ამიტომ ჩვენ გვჭირდება საერთაშორისო საგამოძიებო სისტემა იმისთვის, რომ რეალურად, ობიექტურობა დავაზუსტოთ. ამაზეც იყო საუბარი. კონკრეტულად, რა ფორმა შეიძლება იყოს, ბუნებრივია, დღეს ვერ გადაწყდებოდა. ჩვენ არც მანდატი გვაქვს და ეს უნდა იყოს საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთობლივად ჩამოყალიბებული ფორმა. ამ გამოძიების გარეშე პრაქტიკულად, წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება გამოვიდეთ ამ ჩიხიდან,“ - განაცხადა ცქიტიშვილმა.

„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ევროპელი პარლამენტარები საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით საერთაშორისო გამოძიებას მხარს უჭერენ.

"ვისაუბრეთ გამოძიების მექანიზმებზე, ყველაფერზე, მათ შორის, სანქციებზე, ევროპის მხრიდან გადასადგმელ ნაბიჯებზე, მაგრამ ვისაუბრეთ ისეთ ახალ მექანიზმებზე, რომლებზეც საჯაროდ არ ვაპირებთ ჯერ საუბარს, მაგრამ საზოგადოება დაინახავს, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო გეგმა, თუ როგორ უნდა მივაღწიოთ საბოლოო ჯამში, სამართლიანობას, რომ არჩევნები ახლიდან ჩატარდეს. პირდაპირ ვამბობ, რომ „ქართულ ოცნებას“ ძალიან მძიმე დღე ელის ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ. ამას თქვენ აუცილებლად დაინახავთ", – განაცხდა მან.

„ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის ანა დოლიძის განცხადებით, "ევროკავშირში პოლიტიკური ნება გადაწყვეტილია და ამ არჩევნების აღიარება არ მოხდება".

მისივე თქმით, შეხვედრაზე პირდაპირ ითქვა, რომ იქნება სხვადასხვა ტიპის სანქცია, მათ შორის იმ ადამიანებზე, ვინც „არჩევნები გააყალბა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში“.

„მთავარი იყო მზაობა. ევროკავშირის სხვადასხვა ფრაქციიდან და სხვადასხვა კომიტეტიდან არიან, მაგრამ ერთნაირი მზაობაა, რომ გადადგმული იყოს ნაბიჯები, რათა ეს არჩევნები არ იყოს აღიარებული. საუბარი არც დაგვჭირდა იმაზე, რომ არჩევნები გაყალბებულია, პირდაპირ ითქვა: სხვადასხვა ტიპის სანქციები; სანქციების ჩამოსვლა ქვედა დონეზე, იმ ხალხზე, ვინც არჩევნები გააყალბა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. ასევე, [საუბარი იყო] სხვადასხვა ტიპის ზომაზე, რომ დაცული იყოს ქართველი ხალხის ნება. წარმოიდგინეთ, სხვადასხვა ქვეყნის და სხვადასხვა კომიტეტის წარმომადგენლები არიან, მაგრამ ევროკავშირში პოლიტიკური ნება გადაწყვეტილია - ამ არჩევნების აღიარება არ მოხდება“,- განაცხადა დოლიძემ.

„ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა თინა ბოკუჩავამ აღნიშნა, რომ "როგორც სტუმრებმა დაუდასტურეს, ევროპულ „ლიდერშიფში“ განიხილება შესაძლებლობა, საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის დროებით შეჩერებაზე".

„დღევანდელი განხილვის ერთადერთი მნიშვნელოვანი საგანი იყო სწორედ საერთაშორისო საგამოძიებო ინსტრუმენტი, რომელიც შეისწავლის იმ გაყალბების მასშტაბს, რომელსაც ადგილი ჰქონდა 26 ოქტომბრის არჩევნებზე. [...] გასაგებია, რომ „ქართული ოცნება“ სხვადასხვა მიზეზს მოიგონებს იმისთვის, რომ არ დაუშვას საგამოძიებო ინსტრუმენტის ამოქმედება საქართველოში, რადგან მას ძალიან ბევრი დანაშაულებრივი ქმედება აქვს დასამალი, რამაც ერთობლიობაში მიიტაცა ქართველი ხალხის თავისუფალი ევროპული არჩევანი 26 ოქტომბრის ისტორიულ არჩევნებზე.

სხვა საკითხები, რომლებიც, ასევე, განიხილებოდა, იყო ის შესაძლებლობა, რომ ევროპელმა ლიდერებმა მიიღონ გადაწყვეტილება უვიზო მიმოსვლის დროებით შეჩერებაზე და ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, რომ აქ საუბარია დროებით შეჩერებაზე და არა გაუქმებაზე, იმ დრომდე, სანამ საქართველოს კვლავ არ ეყოლება ხელისუფლება, რომელიც ასახავს ქართველი ხალხის ნებას და ასახავს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს. ეს გადაწყვეტილებაც, როგორც დაგვიდასტურეს სტუმრებმა და განაცხადეს საჯაროდ პრესკონფერენციის დროს, განიხილება ევროპულ „ლიდერშიფში“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის: ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეების დელეგაცია თბილისში შეხვედრებს დილიდან მართავს. ევროპელი დეპუტატები უკვე შეხვდნენ საქართველოს პრეზიდენტს, მოგვიანებით კი ოპოზიციას. ამასთან, დაგეგმილია შეხვედრა არასამთავრობო სექტორთან. ცნობილია, რომ დელეგაციასთან შეხვედრაზე „ქართულმა ოცნებამ“ უარი განაცხადა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S