
თბილისში აფგან სადიგოვის მხარდამჭერი აქცია გაიმართა
11/11/2024 10:21:12 საზოგადოება
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან სადიგოვის ოჯახმა თბილისში, აზერბაიჯანის საელჩოსთან საპროტესტო აქცია გამართა. შეკრებილებს ეჭირათ პლაკატები წარწერებით, „თავისუფლება აზერბაიჯანელ პოლიტპატიმრებს“, „თავისუფლება აფგან სადიგოვს“, „ილჰამ ალიევი დიქტატორია“.
აქციას, რომელიც აზერბაიჯანში გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციის (COP29) გახსნას ემთხვევა, თბილისში მყოფი შვედი გარემოსდამცველი გრეტა თუნბერგი შეუერთდა.
როგორც განიმარტა, აქციის მიზანი იყო საზოგადოების ყურადღების მიპყრობა აზერბაიჯანში პოლიტიკური პატიმრების უმძიმეს მდგომარეობაზე, ასევე აფგან სადიგოვის მიმართ განხორციელებული მრავალწლიანი პოლიტიკური დევნის, წამებისა და შევიწროების ფაქტების წარმოჩენა.
შეგახსენებთ, რომ სადიგოვს საქართველოდან აზერბაიჯანში ექსტრადიცია ემუქრება. ის 3 აგვისტოდან პატიმრობაშია და შიმშილობს, რასაც ახლობლების თქმით, ჯანმრთელობის სერიოზული გაუარესება მოჰყვა.
აფგან სადიგოვის ოჯახი ითხოვს ჟურნალისტის გათავისუფლებას და საქართველოს მიერ მისი აზერბაიჯანში ექსტრადიციის დაუშვებლობას.
11 ნოემბერს, საღამოს გრეტა თუნბერგი აწყობს თბილისში აქციას „კაპიტალისტური სიხარბისა და ავტორიტარიზმის“ წინააღმდეგ.