12-11-2024 11:33:37 ევროპა
მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი ოლეგ ოზეროვი დაიბარა ქვეყნის ტერიტორიაზე რუსული დრონების ჩამოვარდნის გამო, იტყობინება რუსული სახელმწიფო სააგენტო TASS და მოლდოვის რამდენიმე გამოცემა საგარეო საქმეთა სამინისტროში ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით.
როგორც იუწყებიან, რუსეთის ელჩი მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროში 12 ნოემბერს დილით უნდა მივიდეს. როგორც წესი, ასეთ სიტუაციებში დიპლომატებს საპროტესტო ნოტას გადასცემენ. ოფიციალურად არც მოსკოვს და არც კიშინიოვს არ გაუკეთებიათ კომენტარი ელჩის გამოძახების შესახებ შეტყობინებაზე.
მანამდე მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო რუსეთის „აგრესიული ქმედებები“ მას შემდეგ, რაც 10 ნოემბერს ორი რუსული დრონი მოლდოვის საჰაერო სივრცეში შევიდა და მის ტერიტორიაზე უკრაინის საზღვართან დაეცა.
თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ საუბარი იყო "კამიკაძეზე", მაგრამ მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ეს იყო სატყუარა-დრონი -მათ რუსული ჯარები იყენებენ უკრაინის საჰაერო თავდაცვის შეცდომაში შესაყვანად თავდასხმების დროს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „კატეგორიულად“ უარყო ბრალდებები და განაცხადა, რომ არ არსებობს არანაირი მტკიცებულება მოლდოვის პრეტენზიების დასადასტურებლად.
2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან მოლდოვამ დააფიქსირა სულ მცირე 15 ინციდენტი რუსული დრონების მონაწილეობით.