
ბუაძე და თევზაძე გამოკითხვაზე მივიდნენ: "მზად ვარ, მტკიცებულებები წარვადგინო"
12/11/2024 08:38:59 პოლიტიკა, სამართალი
კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წევრი საბა ბუაძე დოკუმენტებით მივიდა სასამართლოში, სადაც ის მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით უნდა გამოიკითოს არჩევნების შესაძლო გაყალბების ირგვლივ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, რომელიც პროკურატურამ დაიწყო ცესკოს მიმართვის საფუძველზე.
ის უნდობლობას უცხადებს გამოძიებას, თუმცა ამბობს, რომ გამოკითხვაზე მტკიცებულებებს წარადგენს.
"ოთარ ფარცხალაძის, იგივე ოთარ რომანოვის სიყალბის, თაღლითების და ოროსნების სამჭედლოს არ აქვს არანაირი საზოგადოებრივი ნდობა და ამას პროკურატურა და მთლიანად მართლმსაჯულების სისტემა ყოველდღიურად თავად ადასტურებს. არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით მტკიცებულებები არსებობს საკმარისზე მეტი. ამ გამოძიებას აქვს ერთადერთი მიზანი - ეს არის პოლიტიკური მიზანი, ეს არის მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენება იმისთვის, რომ შემდეგ ივანიშვილის პარტიულ და რუსულ ინტერესებს მოემსახუროს ის, რასაც აქ ჩაატარებენ. მიუხედავად ამისა, მე მტკიცებულებები მაქვს მოტანილი, მტკიცებულებები საკმარისზე მეტია და მზად ვარ, ეს მტკიცებულებები წარვადგინო, თუმცა, "კარგ მთქმელს კარგი გამგონე სჭირდება" და აქ სიმართლის მოსმენის მოტივაცია არავის გააჩნია",- თქვა ბუაძემ გამოკითხვამდე.
დღესვე ასევე სასამართლოში გამოიკითხება "კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრი თენგო თევზაძე.
"ეს გამოძიება უნდა დაწყებულიყო საარჩევნო ადმინისტრაციის წევრების დაკითხვით და "ქართული ოცნების" შტაბის წევრების დაკითხვით. ეს არჩევნები არის ბოლო არჩევნები, რომელიც არაფარული - საარჩევნო ადმინისტრაციამ ვერ უზრუნველყო არჩევნების ფარულად ჩატარება. აქედან გამომდინარე, ყველა დანარჩენ შეკითხვაზე პასუხი გაცემულია, რადგან დაირღვა მთავარი პრინციპი.
ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ ვიცოდეთ ვინ მივიდა არჩევნებზე, ვინ არიან ის პირთა წრე ვინც არჩევნებზე მივიდა და უნდა გაიხსნას ეს ბაზები. თუ პროკურატურას რეალურად უნდა გამოძიება, გახსნას ეს ბაზები. ეს გამოძიება აუცილებლად მივა ბოლომდე, მაგრამ არა "ქართული ოცნების" პირობებში. არჩევნების გამყალბებლები აუცილებლად დაისჯებიან," - განაცხადა თენგო თევზაძემ გამოკითხვაზე შესვლამდე.